ეგვიპტეში 3500 წლის წინ მცხოვრები ფარაონის აკლდამა აღმოაჩინეს
აკლდამა ფარაონ თუტმოს II-ს ეკუთვნოდა.

ფოტო: Eygpt Museum
ეგვიპტეში ფარაონ თუტმოს II-ის სამარხი აღმოაჩინეს. ეს ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევაა.
სამხრეთ ეგვიპტეში, ლუქსორში, მეფეთა ველის მახლობლად აღმოჩენილი სამარხი მე-18 დინასტიის ფარაონისაა, რომელიც თითქმის 3500 წლის წინ ცხოვრობდა.
თუტმოს II ტუტანხამონის წინაპარია, ხოლო მისი ნახევარდა და დედოფალი (მეუღლე) ჰატშეფსუტი იყო. ფარაონის მეუღლის აკლდამა-ტაძარი ლუქსორში, ნილოსის დასავლეთ ნაპირზეა, თუტმოს II-ის ახლად აღმოჩენილი სამარხიდან რამდენიმე კილომეტრში.

სამხრეთ ეგვიპტეში, ლუქსორში, ფარაონ თუტმოს II-ის აკლდამის შესასვლელი.
ფოტო: Egyptian Ministry of Antiquities
პირველადი კვლევები მიუთითებს, რომ სამარხი ცარიელია და შიგთავსი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს სხვაგან გადაუტანიათ. ეს ნიშნავს, რომ ფარაონის მუმია ადგილზე არაა, მაგრამ მკვლევრებმა მას მაინც უწოდეს "ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა".

ფარაონი თუტმოს II-ის აკლდამა
ფოტო: Ministry of Tourism and Antiquities
სამარხის შესასვლელს პირველად 2022 წელს მიაგნეს, თუმცა მაშინ მიიჩნიეს, რომ ის რომელიმე ფარაონის ცოლს ეკუთვნოდა.
შემდეგ, მკვლევრებმა აქ თიხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებზეც ფარაონ თუტოს II-ის სახელი ეწერა. ტექსტში ის მოხსენიებული იყო, როგორც გარდაცვლილი ფარაონი. სწორედ ამით მოხდა იდენტიფიცირება იმისა, თუ ვის ეკუთვნოდა სამარხი.

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები.
ფოტო: Ministry of Tourism and Antiquities
ფარაონის დაკრძალვიდან მალევე, აკლდამა წყალს დაუტბორავს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ, შიგთავსის გადატანა გახდა საჭირო.
არქეოლოგების ჯგუფი ადგილზე მუშაობას აგრძელებს და იმედი აქვთ, რომ მეტ აღმოჩენას გააკეთებენ.
კომენტარები