დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ინდოევროპულ ენაზე საუბრობს. ამ უძველესი ენების შთამომავალია ინგლისური, რუსული, ბერძნული, ბენგალური და ათობით სხვა სალაპარაკო ენა. ამიტომაც, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, თუ საიდან წარმოიშვა ინდოევროპული ენები პირველად.

Nature-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, ინდოევროპულ ენაზე საუბარი პირველად ძვ.წ. 4400 წლის წინ დაიწყეს. ეს ცენტრალურ ევრაზიაში მოხდა და უკვე ათასი წლის შემდეგ ის ფართოდ გავრცელდა.

”ასეთ კვლევას დიდხანს ველოდით. შედეგები ნამდვილად ბევრ რამეს გვეუბნება", — ამბობს ვოლფგანგ ჰაკი, მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პალეოგენეტიკოსი.

ინდოევროპული წარმოშობის კვლევას ბნელი წარსული აქვს. ის დაკავშირებული იყო ნაცისტურ და სხვა რასისტულ იდეოლოგიებთან, რის თანახმადაც, ინდოევროპული ენების გავრცელებასთან "წმინდა არიული" რასა იყო დაკავშირებული.

და, აი, ახლა უძველესი დნმ-ის ანალიზით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ეს ყველაფერი 5300 წლის წინ თანამედროვე უკრაინისა და რუსეთის სტეპებზე მცხოვრებ ხალხთან (იამნაიას კულტურა) არის დაკავშირებული. ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ინდოევროპულ ენაზე საუბრობს, გენეტიკურად ამ უძველეს ადამიანებთან არის დაკავშირებული.

იამნაიას კულტურის ადამიანები მწყემსები იყვნენ, რომლებიც ბორბალს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3300 წლის წინ იყენებდნენ. კვლევების თანახმად, აქედან რამდენიმე საუკუნეში მათი გენები ჩნდება ევრაზიის მასშტაბით, მონღოლეთიდან აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიამდე.

"ეს ევროპის მასშტაბებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგრაციაა", — ამბობს დევიდ ენტონი, არქეოლოგი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.

ახალი კვლევის მიხედვით, ინდოევროპული ენების გამოჩენა იამნაიას კულტურასაც უსწრებს. როგორც ჩანს, ეს ენები პირველად 6400 წლის წინ შავი ზღვის ჩრდილოეთით გაჩნდა.

"ეს მეოცე საუკუნეში გავრცელებულ რასისტულ ხედვებთან წინააღმდეგობაში მოდის, რის მიხედვითაც, 'სუფთა ინდოევროპელები' არსებობდნენ. რეალურად, ეს ადამიანები სხვადასხვა ეთნოსში იყვნენ შერეული", — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრების თქმით, ვოლგის გასწვრივ მცხოვრებმა ადამიანებმა მიგრაცია სამხრეთით დაიწყეს. შედეგად გადალახეს კავკასიის მთები და ასე დაიწყო ადრეული ინდოევროპული ენების გავრცელება. ათასწლეულების განმავლობაში ის გადაიზარდა ხეთურ ენად, რომელიც პირველ ინდოევროპულ (აღრიცხულ) ენად ითვლება.

ბორბლისა და მეცხოველეობის გავრცელებასთან ერთად, ეს ადამიანები რეგიონს მოედნენ (მონღოლეთიდან უნგრეთამდე).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.