მათემატიკოსების ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება იმისა, რომ მგლებს საკმარისი დრო ჰქონდათ "თვითმოშინაურებისთვისა" და თანამედროვე ძაღლებად გადაქცევისთვის.

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა, ჯგუფმა შეიმუშავა კომპიუტერული სიმულაცია, რომელიც ამ ევოლუციის პროცესს აჩვენებს. ეს საინტერესოა იმის ფონზე, რომ წინა კვლევების თანახმად, თვითმოშინაურების პროცესი და შემდეგ ნელ-ნელა ძაღლად გარდაქმნა ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა.

მკვლევრები თვლიან, რომ ადამიანებსა და ძაღლების წინაპრებს შორის გადაკვეთა 30 000 წლის წინ დაიწყო. აქედან ბოლო 15 000 წლის განმავლობაში ადამიანებმა მათი შერჩევითი გამრავლება დაიწყეს. ის თუ რა მოხდა გადაკვეთის პირველ 15 000 წლის განმავლობაში, ნაკლებად ცნობილია.

მაშ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მკვლევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანებმა თავიდან ყველაზე "მეგობრული" მგლების "წახალისება" დაიწყეს. ადამიანები შეიძლება ასეთ მგლებს საკვებს აძლევდნენ და მათ ნაშიერებს პატრონობდნენ კიდევაც. ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრის ფონზე მგლები ადამიანებს სულ უფრო და უფრო ეჩვეოდნენ. შესაბამისად, მათ ადამიანებთან ახლოს ცხოვრება დაიწყეს. თუმცა, ასეთი ნელი პროცესი და 15 000 წელი მგლების ძაღლებად გარდაქმნისთვის საკმარისი შეიძლება არ ყოფილიყო.

ახალი კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა გამოიყენეს მათემატიკური მოდელები, რის მიხედვითაც, ევოლუციის სიმულირება მოხდა. სიმულაციებში გათვალისწინებული იყო როგორც მგლების ბუნება, ისე მიწოდებული საკვებისა და შესაბამისად ჩამოყალიბებული კავშირების ფაქტორები.

სიმულაციისას (15 000 წლის განმავლობაში) მგლების 74% ძაღლად "გადაიქცა". მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი ევოლუციისთვის, შესაძლოა, 8 000 წელიც საკმარისი ყოფილიყო. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მგლების პირდაპირი შთამომავლები არიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.