კვლევის მიხედვით, დედამიწის შიდა ბირთვმა ფორმა იცვალა

ფოტო: Rost9 / Shutterstock.com
ახალი ნაშრომის მიხედვით, დედამიწის შიდა ბირთვმა, სავარაუდოდ, ფორმა იცვალა. ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოხდა, ანუ მოვლენას მილიონობით წელი სულაც არ დასჭირვებია, სხვა გეოლოგიური პროცესებისგან განსხვავებით.
დედამიწის შიდა ბირთვის კვლევა არც ისე მარტივია — იგი პლანეტის ზედაპირიდან 5 100 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს; ეს მაშინ, როცა დედამიწაში ყველაზე ღრმა თხრილი მხოლოდ 12 263-მეტრიანია. ამის მიუხედავად, პლანეტის შიგნეულობის შესასწავლად მისი პირდაპირი დაკვირვება სულაც არ არის აუცილებელი. ამაში სეისმური ტალღები გვეხმარება, რომლებიც პლანეტაში ვრცელდება; გამოსადეგია დედამიწის მაგნიტური ველის ხაზებიც. ორივე მათგანი სწორედ ბირთვში მიმდინარე მოვლენების ერთგვარი ანარეკლია.
მეცნიერებს დედამიწის შიგნეულობის კვლევა უკვე საკმაოდ კარგად გამოსდით. შედეგად დედამიწის ბირთვის შესახებ უკვე არაერთი რამაა ცნობილი. მაგალითისთვის, 2022 წელს მკვლევრებმა 1960-1970-იანი წლების ბირთვული ტესტირებების მონაცემები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ შიდა ბირთვმა პლანეტის ზედაპირთან მიმართებით ბრუნვის მიმართულება შეიცვალა.
"შიდა ბირთვი უცვლელი არ არის — იგი ჩვენს ფეხქვეშ მოძრაობს და, როგორც ჩანს, ყოველ ექვს წელში ერთხელ რამდენიმე კილომეტრით წინ და უკან მიდის", — პროფესორმა ჯონ ვიდალმა, კვლევის ავტორმა, განაცხადა 2022 წლის პრესრელიზში — "ერთ-ერთი იმის გაგებას ვცდილობდით, შიდა ბირთვი თანდათან გადაადგილდება თუ ხანგრძლივ პერსპექტივაში სხვა ყველაფერთან შედარებით უცვლელი პოზიცია უკავია? ვცდილობთ გავიგოთ, როგორ წარმოიქმნა შიდა ბირთვი და როგორ მოძრაობს იგი დროთა განმავლობაში — ეს პროცესის გაგების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია".
ახალი კვლევის შედეგები
მომდევნო კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 2010 წლიდან ბირთვის ბრუნვა ნელდება დედამიწის სხვა ნაწილებთან შედარებით.
"ახალმა ნაშრომმა დაადასტურა, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შიდა ბირთვი დანარჩენ დედამიწასთან შედარებით სწრაფად და შემდეგ ნელა ბრუნავდა", — განაცხადა ვიდალმა.
იხილეთ: კვლევით დადასტურდა, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა ნელდება
ახალი ნაშრომის ფარგლებში ვიდალმა და მისმა გუნდმა შეისწავლეს, როგორ იცვლებოდა სეისმური ტალღები, როცა დედამიწის ბირთვი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავდა. ამ მონაცემებს ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ორი სადგური, YKA და ILAR, იწერდა. მეცნიერებმა განმეორებადი მიწისძვრების 121 წყვილი გააანალიზეს; ეს მიწისძვრები 1991-იდან 2023 წლამდე პერიოდში მოხდა სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე.
მკვლევრებმა სხვა განმეორებითი მიწისძვრებიც დაამატეს და წყვილები იმ პერიოდებში შეადარეს, როცა შიდა ბირთვი იმავე პოზიციას იკავებდა. მათ YKA-ს სადგურიდან 2004-2008 წლებში ცვლილებები შენიშნეს, რომლებიც ბრუნვას არ უკავშირდებოდა; მსგავსი ცვლილებები არ შეუნიშნავთ ILAR სადგურის შემთხვევაში.
ჯამში მეცნიერებმა 168 წყვილი შეისწავლეს ბირთვის განსხვავებული მდებარეობის პირობებში. ასე შეძლეს გაეგოთ, სეისმური ტალღების ცვლილება ბრუნვას უკავშირდებოდა თუ სხვა ფაქტორებს. ავტორთა თქმით, ეს ნაწილობრივ ბირთვის ფორმის ცვლილების შედეგი უნდა იყოს.
"ტალღის ფორმის ცვლილებები აქ და სხვა კვლევებში აღნიშნული ცვლილებები, სავარაუდოდ, ლოკალური დეფორმაციისგან ან მასალის ცვლილებებისგან არის განპირობებული", — ასკვნიან ნაშრომის ავტორები.
მათი აზრით, მონაცემებში შემჩნეული ცვლილებების ყველაზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ შიდა ბირთვის საზღვრის გარკვეული ნაწილი ნელ-ნელა ფორმას იცვლის. ამას გარე ბირთვიდან მოქმედი ძალები, ასევე ბირთვისა და მანტიის ინტერაქცია უნდა იწვევდეს.
გამორიცხული არ არის, რომ ბირთვს მეტად ინტენსიური ცვლილებებიც განეცადა, თუნდაც ნადნობის გამოდევნა. შესაბამისად, საკითხი დამატებით კვლევებს საჭიროებს.
"აქ უბრალოდ იმის დამტკიცებას ვცდილობთ, რომ სახეზეა დამატებითი ცვლილება, იმის გარდა, რომ, თვალსაჩინო მტკიცებულებების მიხედვით, მთლიანი შიდა ბირთვი ბრუნვის მიმართულებას იცვლის", — აღნიშნავს გუნდი — "ამგვარად, წარმოვადგენთ ხანგრძლივი დავის მოგვარების გზას: ბრუნვასთან დაკავშირებული ცვლილებებიც არსებობს და ამასთან დაუკავშირებელიც, ეს უკანასკნელი კი საგულდაგულო შესწავლას საჭიროებს, რათა გავიგოთ, რა ხდება ბირთვში".
ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები