დოლნი-ვესტონიცეს ადამიანის პორტრეტული სკულპტურა არქეოლოგებმა ჩეხეთის სამხრეთ მორავიის მხარეში 1920-იან წლებში აღმოაჩინეს. ის მამონტის ძვლისგან 26 000 წლის წინ შექმნეს.

ქალის თავის გამოსახულება საკმაოდ მცირე ზომისაა. მისი სიგრძე 4.8 სანტიმეტრს, სიგანე კი 2.4 სანტიმეტრს შეადგენს. სახე ოვალური ფორმისაა, გრძელი ცხვირით, მამონტის ძვალში ამოკვეთილი თვალებითა და პირით. თმა მაღლა აწეული ან საბურველით დაფარულია. საერთო ჯამში, ეს სკულპტურა ინდივიდუალური მახასიათებლებით იმდენად გამორჩეულია, რომ იმავე არეალში აღმოჩენილ სხვა არტეფაქტებს სრულებით არ ჰგავს. მიიჩნევა, რომ ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონკრეტული პიროვნების უძველესი პორტრეტია.

ფოტო: Alamy

სკულპტურა მამონტებზე მონადირე იმ ადამიანების მიერაა შექმნილი, რომლებიც ზედა პალეოლითის პერიოდში დოლნი-ვესტონიცეს მიმდებარედ დასახლდნენ. ამ დასახლებებს ხშირად "ქვის ხანის პომპეიდაც" მოიხსენიებენ და იქ ათასობით კერამიკული ნიმუში, ქვის იარაღი თუ ძვალში გამოკვეთილი ობიექტია მიკვლეული.

მეცნიერებმა რამდენიმე სამარხსაც მიაგნეს, რომელთაგანაც ერთი მოწითალო პიგმენტითა და მელიის 10 გახვრეტილი კბილითაა შემკობილი. 1949 წელს არქეოლოგებმა იქ შუახნის ქალის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მისი თავის ქალა ასიმეტრიული იყო, რაც, სავარაუდოდ, ბავშვობაში მიღებულ დაზიანებას უკავშირდება. როცა 2018 წელს სპეციალისტებმა სახე თანამედროვე ტექნოლოგიით აღადგინეს, შენიშნეს, რომ ის ზემოხსენებულ სკულპტურას ძალიან ჰგავდა. განსაკუთრებით მარცხენა თვალით, რომელიც მარჯვენაზე უფრო პატარაა.

ფოტო: Wikimedia

ევროპის მასშტაბით დოლნი-ვესტონიცეს არქეოლოგიური ზონა გრავეტული კულტურის არტეფაქტებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 29000-24000 წლებს შორის პერიოდშია შექმნილი. მათ შორისაა სიძველით გამორჩეული კერამიკა, რომელიც ღუმელშია გამომწვარი.

ქალის სახის სკულპტურისა და სხვა ნიმუშების ხილვა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მდებარე ანთროპოსის მუზეუმშია შესაძლებელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.