რომელი უფრო დიდხანს იკავებს წყალქვეშ სუნთქვას: დელფინი, თუ ზარმაცა?

ფოტო: LinkedIn
მართალია, ზარმაცა ძალიან ნელი ცხოველია, მაგრამ მას "სუპერძალაც" აქვს — ამ არსებებს წყალქვეშ სუნთქვის შეკავება საკმაოდ დიდხანს შეუძლიათ.
კერძოდ, ზარმაცები სუნთქვის გარეშე მთელი 40 წუთი ძლებენ,.შედარებისთვის, დელფინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ დაახლოებით 10 წუთია, ხოლო ადამიანთა რეკორდი 24 წუთსა და 32 წამს შეადგენს.
ამგვარი უნარი, რა თქმა უნდა, ცურვისას ძალიან გამოსადეგია. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ ნელი მოძრაობით სახელგანთქმული ზარმაცები წყალში ბევრად სწრაფები არიან. ცურვისას ისინი სამჯერ უფრო ჩქარა გადაადგილდებიან, ვიდრე მაშინ, როცა ხმელეთზე იმყოფებიან.
მაშ, როგორ ახერხებენ ზარმაცები წყალქვეშ სუნთქვის ამდენი ხნით შეკავებას?
საქმე ისაა, რომ ამ ძუძუმწოვრებს ძალიან ნელი მეტაბოლიზმი აქვთ — იმდენად ნელი, რომ ერთი ფოთლის გადამუშავებას შესაძლოა, მთელი თვე მოანდომონ. ნაწილობრივ სწორად ამის დამსახურებაა, რომ ისინი ყველაზე ზოზინა ცხოველები არიან.
დაყოვნებული მეტაბოლიზმის გამო მათი გულისცემა შესაძლოა, 2/3-ზე მეტით შენელდეს, რაც წყალქვეშ სუნთქვის გარეშე გატარებულ დროს ზრდის. ასევე, ამგვარ მეტაბოლიზმს დამატებით სხვა სარგებელიც აქვს. კერძოდ, ფოთლების ფერმენტაციის შედეგად მუცელში დაგროვებული აირების გამო ზარმაცები წყალზე ტივტივებენ კიდეც.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ცხოველთა სამყაროში სუნთქვის შეკავების რეკორდი ზარმაცას სულაც არ ეკუთვნის. მაგალითად, ზღვის სპილოები ამას 2 საათის განმავლობაში ახერხებენ, აბსოლუტური რეკორდი კი დინგნისკარტას ეკუთვნის, რომელიც სუნთქვას 3 საათითა და 42 წუთით იკავებს.
კომენტარები