ჩინელმა ასტრონავტებმა ხელოვნური ფოტოსინთეზით რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შექმნეს

ფოტო: China Manned Space Agency
დედამიწის ორბიტაზე მყოფმა ასტრონავტებმა ე.წ. ხელოვნური ფოტოსინთეზის ახალი მეთოდი გამოიყენეს, რათა რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შეექმნათ. ექსპერიმენტი ჩინურ კოსმოსურ სადგურ Tiangong-ის ეკიპაჟმა (Shenzhou-19) ჩაატარა, რისთვისაც მარტივი მოწყობილობები და მინიმალური ენერგია დასჭირდათ. შესაძლოა, ეს ტექნოლოგია მომავალში მთვარის ბაზის ფუნქციონირებაშიც ინტეგრირდეს.
თავად ხელოვნურ ფოტოსინთეზზე მეცნიერები 2015 წლიდან მუშაობენ. მისი მიზანი ნახშირორჟანგისა და წყლის იმგვარად გარდაქმნაა, რომ ჟანგბადი და რაკეტის საწვავი მივიღოთ. ამ პროცესში ნახევარგამტარი კატალიზატორი და სპეციალური დანადგარი გამოიყენება, რომელთა მეშვეობითაც მცენარეებში მიმდინარე რეაქციები ხელოვნურად მეორდება.
ამ შემთხვევაში, ასტრონავტებმა ნახშირწყალბადი ეთილენი წარმოქმნეს, რომელიც საწვავის ფუნქციას ასრულებს. ვარაუდობენ, რომ იმავე მეთოდით, თუმცა სხვა კატალიზატორით, საწვავ მეთანისა და ჭიანჭველმჟავას მიღებაც შეუძლიათ. ამ უკანასკნელს ანტიბაქტერიული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ან სპეციალისტებს შაქრების შექმნაში დაეხმაროს. ეს მიღწევა მნიშვნელოვანია, რადგან მთვარესა და მარსზე ბაზების მშენებლობა იგეგმება, სადაც ასტრონავტებს სუნთქვისთვის ჟანგბადი დასჭირდებათ, რაკეტებისთვის კი — საწვავი.
როგორც ცნობილია, Tiangong-ის ეკიპაჟის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები ბევრად ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) განხორციელებული იმავე სახის ცდები. კერძოდ, საუბარია ელექტროლიზის ტექნოლოგიაზე, რომელიც ISS-ზე სადგურის ენერგიის მესამედს საჭიროებს.
ცნობისთვის, ჩინეთი მთვარის სამხრეთ პოლუსზე ბაზის განთავსებას 2035 წლისთვის აპირებს. დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გეგმავენ ბირთვული რეაქტორის მშენებლობასაც, რათა ბაზისთვის საკმარისი ენერგია გამოიმუშაონ. მანამდე ჩინეთს სურს, რომ მთვარეზე ასტრონავტები გაგზავნოს, რაც 2030 წლისთვისაა მოსალოდნელი.
კომენტარები