აშშ-ში ერთმანეთს ორი საფრენი აპარატი შეეჯახა, რამაც ყველა მგზავრი იმსხვერპლა — რა მოხდა

ფოტო: Michael A. McCoy for NPR
29 იანვარს, ვაშინგტონის ეროვნული აეროპორტის მახლობლად, დაბალ სიმაღლეზე მყოფი სამგზავრო თვითმფრინავი და აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება მდინარე პოტომაკში ჩაცვივდა.
ამერიკული ავიახაზების (American Airlines) რეისი AA5342 ვიჩიტადან (კანზასი) მიფრინავდა. თვითმფრინავში 60 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ ფიგურული სრიალის ჩემპიონები აშშ-იდან და რუსეთიდან, ასევე ეკიპაჟის ოთხი წევრი. ვერტმფრენში, რომელიც რუტინულ სასწავლო გაფრენას ახორციელებდა, სამი სამხედრო იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავებზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა.
ეს ყოველივე სამხრეთ კორეაში მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის ტრაგედიიდან სულ რაღაც ერთ თვეში მოხდა. წარსული ინციდენტისას თვითმფრინავის, სავარაუდოდ, ფრინველთან დაჯახებამ 181 მგზავრიდან მხოლოდ 2 დატოვა ცოცხალი. ამ ორი ინციდენტის გამო მსოფლიოს ავიაციის უსაფრთხოებამ დიდი ყურადღება მიიპყრო.
ამერიკაში მომხდარ უახლეს ტრაგედიას რაც შეეხება, არსებობს ტექნოლოგია, რომელიც სპეციალურად პილოტებისთვის არის შექმნილი. მას Traffic Collision Avoidance System (TCAS) ჰქვია. ტექნოლოგია პილოტებს ეხმარება, სხვა თვითმფრინავებთან შეჯახება აიცილონ თავიდან.
როგორ მუშაობს TCAS?
TCAS თვითმფრინავის უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც თვითმფრინავის ირგვლივ საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. სისტემა სხვა თვითმფრინავებს ცნობს, რომლებიც ტრანსპონდერებითაა აღჭურვილი. ტრანსპონდერები მოწყობილობებია, რომლებიც შემომავალ ელექტრონულ სიგნალებს უსმენს და პასუხს სცემს.
ეს სისტემა, რომელსაც ზოგჯერ ACAS-ადაც (Airborne Collision Avoidance System) მოიხსენიებენ, გარე საჰაერო მოძრაობის საკონტროლო სისტემისგან დამოუკიდებლად მუშაობს. მისი მიზანია, პილოტებს დაუყოვნებლივ აცნობოს მათ სიახლოვეს მყოფ თვითმფრინავებზე. სისტემის დახმარებით პილოტები ადრევე არიან ინფორმირებულნი შეჯახების რისკის შესახებ.
ეს ტექნოლოგია 1974 წელს შეიქმნა. მას შემდეგ TCAS-მა განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა:
1. TCAS I (პირველი თაობა):
პირველი თაობის სისტემა თვითმფრინავის ირგვლივ მყოფ სხვა საჰაერო აპარატებს აკონტროლებს; იგი მათი მიმართულებისა და სიმაღლის შესახებ იძლევა ინფორმაციას.
შეჯახების რისკის არსებობისას სისტემა "Traffic Advisory" (TA) გაფრთხილებას იძლევა. TA-ის ფუნქცია პილოტის ინფორმირებაა მოახლოებული საფრთხის შესახებ. მეორე მხრივ, მას მეტი დახმარება არ შეუძლია და პილოტმა თავად უნდა განსაზღვროს, როგორ იმოქმედოს.
2. TCAS II (მეორე თაობა):
ამ სისტემას უფრო დახვეწილი ფუნქციები აქვს. ის არა მხოლოდ აფრთხილებს პილოტს, არამედ აძლევს კონკრეტულ ინსტრუქციებს — მაგალითად, დაშვება, მობრუნება ან სიჩქარის შეცვლა — თუ როგორ აიცილოს შეჯახება.
ამ სისტემებს ასევე შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულ თვითმფრინავს კოორდინირებული ინსტრუქციები ეძლევა.
საერთაშორისო რეგულაციების მიხედვით, რომელსაც ჩიკაგოს კონვენციის სახელით ვიცნობთ, ყველა კომერციული თვითმფრინავი უნდა იყოს აღჭურვილი TCAS სისტემით. კონკრეტული დებულებები არაკომერციული თვითმფრინავებისთვისაც არსებობს.
მეორე მხრივ, სამხედრო ვერტმფრენები არ ექვემდებარება ჩიკაგოს კონვენციის დებულებებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ ინციდენტში ჩართული სამხედრო ვერტმფრენი TCAS სისტემით არ იყო აღჭურვილი.
რა არ შეუძლია TCAS-ს?
იმის მიუხედავად, იყო თუ არა ამ კატასტროფაში ჩართული სამხედრო ვერტმფრენი აღჭურვილი TCAS სისტემით, ამ ტექნოლოგიას მაინც აქვს გარკვეული შეზღუდვები. უფრო კონკრეტულად, სისტემა დაახლოებით 300 მეტრზე დაბალ სიმაღლეზე ყოფნისას ეფექტიანობას კარგავს. ცნობილია, რომ ინციდენტში მონაწილე თვითმფრინავების ბოლოს დაფიქსირებული სიმაღლე 90 მეტრი (American Airlines-ის რეისი AA5342) და 60 მეტრი (სამხედრო ვერტმფრენი) იყო.
ეს შეზღუდვა შემთხვევითი არ არის, არამედ ტექნოლოგიის დიზაინის ნაწილია. მთავარი მიზეზები იყო ის, რომ TCAS სისტემა რადიო ალტიმეტრის მონაცემებზეა დამოკიდებული. ეს მონაცემები თვითმფრინავის სიმაღლეს ზომავს, თუმცა მიწასთან ახლოს ეს ინფორმაცია ნაკლებად ზუსტი ხდება. ამის გამო ინსტრუქციები, რომელთა დახმარებითაც შეჯახების თავიდან აცილება ხდება, არასანდო შეიძლება იყოს. დაბალ სიმაღლეზე თვითმფრინავს აღარ აქვს საკმარისი სივრცე დაშვებისთვის, რათა შეჯახება თავიდან აიცილოს.
ცნობისთვის, რონალდ რეიგანის ვაშინგტონის ეროვნული აეროპორტი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. კომერციული, სამხედრო და კერძო თვითმფრინავებისთვის აქ საჰაერო სივრცე ძალიან შეზღუდულია.
ბოლო წლებში ამ აეროპორტში რამდენიმე საშიში ინციდენტი დაფიქსირდა. მაგალითად, 2024 წლის აპრილში, კომერციული თვითმფრინავის პილოტი, რომელიც დასაფრენად ემზადებოდა, იძულებული გახდა, მოულოდნელად შეეცვალა კურსი. პილოტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა ვერტმფრენი, რომელიც მხოლოდ 100 მეტრით დაბლა იმყოფებოდა.
ინციდენტი პილოტმა შემდეგნაირად აღწერა: "ჩვენ არასოდეს მიგვიღია საჰაერო მოძრაობის კონტროლისგან გაფრთხილება ამ თვითმფრინავის შესახებ, ამიტომ არ ვიცოდით, რომ ის იქ იყო".
აშშ-ის დემოკრატმა სენატორმა ტიმ კეინმა, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, ამ სახიფათო შემთხვევაზე კომენტარი გააკეთა. კეინმა შემთხვევა იმის არგუმენტად გამოიყენა, რომ რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში მეტი რეისის დაშვების ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. მიუხედავად ამისა, ეს გეგმა მომდევნო თვეში დაამტკიცეს.
უბედურ შემთხვევას ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნული საბჭო გამოიძიებს.
კომენტარები