კვლევა: მტკივნეული სექსი უფრო ხშირია იმ ქალებში, რომელთაც სექსუალური "სიწმინდის" სჯერათ
კვლევა ამერიკელ ქრისტიან ქალებზე ჩატარდა.
ახალი კვლევის მიხედვით, კონსერვატიული რელიგიური შეხედულებების მქონე ქალებში უფრო ნაკლებია ქორწინებით კმაყოფილება, ხოლო მეტია სქესობრივ კავშირთან დაკავშირებული ტკივილი. მეცნიერების ვარაუდით, ამას შეიძლება სექსუალურ სიწმინდესთან დაკავშირებული იდეალები განაპირობებდეს.
კვლევა ამერიკელ ქრისტიან ქალებზე ჩატარდა. მასზე კანადის რამდენიმე უნივერსიტეტი მუშაობდა, ხოლო ნაშრომი კი გამოცემაში Sociology of Religion გამოქვეყნდა.
არსებობს რწმენა, ხშირად რელიგიურ წრეებში, რომ ქორწინებამდე სექსი ქალს "სულიერად" აზიანებს; ქალის სხეული და სექსუალურობა ამ მიდგომით "საჩუქრებად" აღიქმება, რომელიც მხოლოდ ქმარს უნდა "ერგოს". კანადელმა მკვლევრებმა გადაწყვიტეს, კონსერვატიული შეხედულებების მქონე ქრისტიანი ქალებისთვის ეკითხათ, რას ფიქრობდნენ ისინი სიწმინდის კონცეფციაზე და როგორი სექსუალური გამოცდილებები ჰქონდათ.
ჯოანა სავატსკი, ნაშრომის მთავარი ავტორი და სასკაჩევანის უნივერსიტეტის მკვლევარი, PsyPost-ს გაესაუბრა. ინტერვიუში გაიხსენა, რომ მან და მისმა კოლეგებმა ქორწინებისა და სექსის თემატიკის არაერთი ქრისტიანული ბესტსელერი წაიკითხეს. მისი თქმით, წიგნებიდან ქალებს ხშირად აძლევდნენ რჩევებს, რომლებიც "სრულად აუფასურებდა ქალის სექსუალობას, სექსს ძალაუფლებისთვის ბრძოლად აქცევდა, ხოლო კაცებს კი სექსუალურად უმართავ არსებებად წარმოაჩენდა".
"ამან გვაფიქრებინა, რომ გაცემული რჩევების დიდი ნაწილი ქორწინებასა და სექსს კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს", — განაცხადა სავატსკიმ — "და გადავწყვიტეთ, ჩვენი ჰიპოთეზის შესამოწმებლად კვლევა ჩაგვეტარებინა".
კვლევის მონაწილეების შესარჩევად მეცნიერებმა ე. წ. თოვლის გუნდის მეთოდი გამოიყენეს. ამ დროს ცდისპირებს სთხოვენ, რომ თავიანთი მეგობრები თუ ნაცნობები გაიხსენონ, შემდეგ კი ეს ადამიანებიც ცდისპირები ხდებიან.
ამ მიდგომით მკვლევრებმა 5 ათასზე მეტი ქალი შეარჩიეს; მათი უმრავლესობა ქრისტიანობის მიმდევარი ამერიკელი იყო, ძირითადად თეთრკანიანები და პროტესტანტები. მეცნიერები მათთან საუბრით იმის დადგენას ცდილობდნენ, თუ როგორ უყურებდნენ კავშირს სიწმინდესა და სექსუალურ, ასევე ქორწინებით კმაყოფილებას შორის; გამოიკვლიეს ისიც, თუ რა გამოცდილება ჰქონდათ ამ ქალებს მტკივნეულ სექსთან (იგულისხმება ის დაავადებებიც, რომლებსაც ტკივილი ახასიათებს სქესობრივი კავშირის დროს, მანამდე ან შემდეგ).
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მტკივნეულ სექსთან დაკავშირებული დაავადებები უფრო ხშირი იყო იმ ქალებში, რომელთაც სექსუალური სიწმინდის იდეალებისა ყველაზე მეტად სჯეროდათ. ტკივილის სიხშირე განსაკუთრებით მაღალი იმ ადამიანებში იყო, რომელთაც მსგავსი მორალური ღირებულებები მოზარდობისა და ახალგაზრდობის დროს შეიძინეს.
მაგალითისთვის, ქალებს, რომელთაც თინეიჯერობაში "სულიერი მოკავშირეების" (რწმენა, რომლის მიხედვითაც, სექსის შემდეგ ადამიანები ერთმანეთთან სამუდამო "სულიერ" კავშირს ამყარებენ) იდეისა სჯეროდათ, უფრო ხშირად აწუხებდათ ვაგინიზმი — დაავადება, როცა ვაგინა სქესობრივი კავშირის დროს უნებლიედ იკუმშება, ეს კი ქალში ძლიერ ტკივილს იწვევს. ვაგინიზმის გამომწვევი მიზეზი დაზუსტებული არაა, თუმცა არსებობს თეორია, რომ ეს ფსიქოსომატური (ფიზიკური პრობლემა, რომელსაც ფსიქიკური პროცესები იწვევს) პრობლემაა. მსგავსი წარმოშობისა შეიძლება იყოს ვულვოდინიაც — დაავადება, რომელსაც გარეთა სასქესო ორგანოს ტკივილი და გაღიზიანება ახასიათებს.
მეცნიერების აზრით, შესაძლოა, სექსის უზნეო და სარისკო ქმედებად აღქმა იწვევდეს იმას, რომ გამოკითხულ ქრისტიან ქალებს სექსზე ტრავმის მაგვარი რეაქციები აქვთ. ეს მხოლოდ ნაშრომის ავტორთა ინტერპრეტაციაა; კვლევის მიხედვით ვერ ვიტყვით, რა იწვევს აღნიშნულ კავშირს, რადგან მის ფარგლებში მხოლოდ ზემოხსენებული რწმენებისა და ქორწინების/სექსუალური დისკომფორტის სიხშირეების თანხვედრა შემოწმდა (ანუ კვლევა კორელაციურია).
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კვლევაში მხოლოდ ამერიკელი ქრისტიანი (უმეტესად პროტესტანტი) ქალები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ კვლევის მიგნებები სხვა ქვეყანაში მცხოვრები ან სხვა რელიგიის მქონე ქალების შემთხვევაშიც ანალოგიური იქნება.
"გულწრფელად რომ ვთქვა, სექსის, როგორც ქალის ვალდებულებად და კაცის უფლებად მიჩნევა საშინელ სქესობრივ გამოცდილებას იწვევს. ქალების სექსუალურ სიამოვნებასა და ქორწინებით კმაყოფილებაზე ამას დამანგრეველი გავლენა აქვს და სექსის დროს ტკივილის უფრო მაღალ სიხშირესთანაც კია კავშირში", — დაასკვნა სავატსკიმ.
კომენტარები