ძაღლების ქცევის შემსწავლელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები განგვსჯიან. მეტიც, ის თუ რამდენად განგვსჯიან ისინი, ნაწილობრივ მათ სქესზეცაა დამოკიდებული.

ძაღლების ქცევა კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ძაღლებს უფრო მეტად აინტერესებდათ ის ადამიანები, რომლებიც უკეთესად ასრულებდნენ გარკვეულ ამოცანებს, ვიდრე ისინი, ვისაც ეს უჭირდათ.

რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ადამიანებს მდედრობითი სქესის ძაღლები უფრო განსჯიდნენ, ვიდრე მამრობითი სქესის ძაღლები. შესაბამისად, მდედრები უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ამჯობინებდნენ.

ძაღლები განსჯიან

ჯგუფმა სხვადასხვა ჯიშის 74 შინაური ცხოველი შეისწავლა.

კვლევის ფარგლებში, ადამიანები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს უთხრეს, სწრაფად გაეხსნათ ცარიელი კონტეინერი და ეჩვენებინათ ის ძაღლებისთვის. მეორე ჯგუფი სხვანაირად მოიქცა, მათ კონტეინერის გახსნა სცადეს, მაგრამ შემდეგ ეს მცდელობა პროცესშივე შეწყვიტეს.

ამის შემდეგ, ორი ჯგუფის ადამიანებს სასუსნავები მისცეს და უთხრეს, რომ ძაღლებისთვის ეჭმიათ. ძაღლებს უნდა აერჩიათ, თუ რომელი ადამიანისგან მიიღებდნენ სასუსნავს. ძაღლებმა საკვების მიღება ამჯობინეს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მანამდე კონტეინერი უფრო სწრაფად გახსნეს.

ეს ნიშნავს, რომ ძაღლებს შეუძლიათ განსჯა და იმის განსაზღვრა თუ რამდენად კარგად ასრულებთ თქვენს "დავალებას". შესაბამისად, თუ გიჭირთ საკვების კონტეინერის გახსნა, ესე იგი, ამას თქვენი ძაღლი ხედავს.

დიახ, მას ამას ვერ გამოაპარებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მდედრია.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ ინფორმაციას იმის გასარკვევად გამოიყენებენ, თუ როგორ ურთიერთობენ ძაღლები ჩვენთან.

აღსანიშნავია, რომ ეს ქცევა სხვა ცხოველებშიც ფიქსირდება — ისეთ ცხოველებში, რომლებიც სოციალურად ცხოვრობენ. მაგალითად, ასეთები არიან დელფინები, ყორნები და შიმპანზეები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.