მილიონობით წლის წინ დედამიწაზე უზარმაზარი არსებები ბინადრობდნენ. ხმელეთზე დინოზავრები დომინანტობდნენ, ცაში კი პტეროზავრები დაფრინავდნენ. მათ შორის იყო არსება, რომელსაც მეცნიერებმა "დრაკულა" შეარქვეს.

სახელიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ მის ნამარხს პალეონტოლოგებმა ტრანსილვანიაში მიაგნეს. ესაა Azhdarchidae-ს ოჯახში შემავალი სახეობის წარმომადგენელი, რომელიც გვიან ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა. მისი სიმაღლე 3.5 მეტრამდე აღწევდა, ხოლო გაშლილი ფრთების სიგანე — 20 მეტრამდე. შესაძლოა, ეს ყველაზე დიდი ფრინველიც კი იყოს, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უარსებია.

ფოტო: Axel Schmidt

"დრაკულას" ასეთი სიდიდის გამო ზოგი მეცნიერი იმაშიც დაეჭვდა, საერთოდ მოახერხებდა თუ არა ის ფრენას. მისი ჩონჩხი დღემდე ფრაგმენტულადაა მოღწეული, ამიტომ რაიმეს დაზუსტებით თქმა ძნელია. ამის მიუხედავად, კვლევები ცხადყოფს, რომ დიდი ზომით გამორჩეულ პტეროზავრებს ფრენა უნდა შესძლებოდათ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, თუ როგორ აღწევდნენ ასეთ ზომას მსგავსი ფრინველები. ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა განამარხებული კიდურების შესწავლის გზით პტეროზავრების ევოლუცია გააანალიზეს. შედეგად დადგინდა, რომ შუა იურულ პერიოდში მათი სხეულის ეს ნაწილი ხმელეთზე მცხოვრები ცხოველებისას დაემსგავსა.

ადრე მათ ქვედა კიდურებს ერთმანეთთან ფრენისთვის განკუთვნილი მემბრანა აკავშირებდა, რაც სიარულსა და სირბილს აძნელებდა. მოგვიანებით ის განცალკევდა და "ფეხების" ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოძრავება გახადა შესაძლებელი.

ფოტო: Rudolf Hima

მეცნიერები ამბობენ, რომ "დრაკულას" მაგვარი ფრინველების სხეულის დიდი ზომა სწორედ ამ შეზღუდვისგან გათავისუფლებას უნდა უკავშირდებოდეს.

"ის, რომ პტეროზავრებს ფრენა შეეძლოთ, მათი ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იმის შესწავლით, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი ხეებსა და ხმელეთზე, ძველ ეკოსისტემაში მათი როლის შესახებ უფრო მეტს ვიგებთ", — აცხადებს Current Biology-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანაავტორი, რობერტ სმიტი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.