მკვლევრების თქმით, შესაძლოა, შავი ხვრელები "გაყინული ვარსკვლავები" იყოს
ახალმა კვლევამ შეიძლება ფიზიკაში ფუნდამენტური პრობლემა გადაჭრას.
საუბარია შავ ხვრელებზე, რომლებსაც ჩვენ იდუმალ კოსმოსურ ობიექტებად აღვიქვამთ. მიიჩნევა, რომ მათ ცენტრში უსასრულო სიმკვრივის წერტილია. ამ წერტილს სინგულარობას ვეძახით. სწორედ აქ იწყება ფიზიკის პრობლემები.
შავი ხვრელების კოლოსალური გრავიტაციის გამო, გარე საზღვრის მიღმა, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტს უწოდებენ, ვერაფერი — სინათლეც კი — ვერ აღწევს თავს. აქედან მომდინარეობს სახელიც — შავი ხვრელი.
და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, შეიძლება ყველაფერი ასე რთულად არ იყოს. ჟურნალ Physical Review D-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ შავი ხვრელები, შესაძლოა, "გაყინული ვარსკვლავები" იყოს.
თუ ეს სიმართლეა, თეორია ბევრ რამეს ახსნის და რაც მთავარია, გადაჭრის სტივენ ჰოკინგის მიერ შემოთავაზებულ შავი ხვრელის ინფორმაციის პარადოქსს.
"გაყინული ვარსკვლავი ულტრაკომპაქტური, ასტროფიზიკური ობიექტია, რომელიც სინგულარობისგან თავისუფალია, არ აქვს ჰორიზონტი, მაგრამ შავ ხვრელთან დაკავშირებული თვისებებით გამოირჩევა. თუ ასეთი ობიექტები მართლა არსებობს, ეს ნიშნავს, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება", — განუცხადა Live Science-ს კვლევის ავტორმა, რემი ბრუსტეინმა.
ინფორმაციის კონსერვაცია
ჰოკინგმა გამოავლინა, რომ შავი ხვრელები რადიაციას ასხივებს. ეს ნიშნავს, რომ ეტაპობრივად შავი ხვრელიც კარგავს მასას და საბოლოოდ, მისი აორთქლება ხდება — თუმცა, ეს პროცესი ძალიან ნელია და მას ტრილიონობით წელი სჭირდება.
შეიძლება ითქვას, რომ შავი ხვრელის აორთქლების შემდეგ ინფორმაცია დაიკარგება — თუმცა, ეს ფიზიკის კანონებთან მოდის წინააღმდეგობაში, რის მიხედვითაც ინფორმაცია შეიძლება გარდაიქმნას, მაგრამ არა განადგურდეს.
ცივი გაანგარიშება
თუ შავი ხვრელი მართლაც გაყინული ვარსკვლავია აღარ არის საჭირო ისეთი ფენომენის შემოტანა, როგორიცაა სინგულარობა და მოვლენების ჰორიზონტი. ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება ძალიან მკვრივ კოსმოსურ ობიექტთან, მაგრამ არა უსასრულოდ მკვრივთან. ასეთი ულტრა შეკუმშული ობიექტი ჩვენთვის შავი ხვრელივით გამოჩნდება და ეს მისი თერმული გამოსხივებიდან გამომდინარე.
ამისთვის საჭირო იქნება სიმების თეორია, რათა ასეთ მკვრივ მდგომარეობაში სინგულარობა არ მივიღოთ. შესაბამისად, ამით ინფორმაციის განადგურებასაც ავიცილებთ თავიდან.
მკვლევრებით თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ობიექტს არ ექნება მოვლენათა ჰორიზონტი, ის მაინც შთანთქავს თითქმის ყველაფერს, რაც მის ახლოს მოხვდება.
"ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება იქცეოდეს ასეთი ობიექტი. მას არ ექნება მოვლენათა ჰორიზონტი, თუმცა შთანთქავს მატერიას, რომელიც მიუახლოვდება", —განუცხადა ბრუსტეინმა Live Science-ს.
მკვლევრების თქმით, ასეთი ობიექტები გრავიტაციული ტალღების ერთგვარი წყარო იქნება და შესაბამისი კვლევები ამ მიმართულებით ბევრ ახალს გვეტყვის.
კომენტარები