ნახეთ: ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კომეტა გადაიღო
კომეტა C/2023 A3 (Tsuchinshan–ATLAS) სულ მალე მზეს მაქსიმალურად მიუახლოვდება, რის გამოც ის უფრო კაშკაშა გახდება. ამ ეტაპზე ეს კოსმოსური სხეული უკვე საკმარისად ელვარებს, რათა შეუიარაღებელი თვალით იყოს ხილული, მაგრამ ძალიან პატარა წერტილის სახით ჩანს.
სამაგიეროდ, C/2023 A3-ის უფრო მკაფიოდ დანახვა დედამიწის ორბიტიდანაა შესაძლებელი, სადაც საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს. სწორედ ეს შანსი გამოიყენა იქ მყოფმა ასტრონავტმა, მეთიუ დომინიკმა, და კომეტას ვიდეო ხომალდის სპეციალური გამჭვირვალე გუმბათიდან გადაუღო. შთამბეჭდავ კადრებში ვხედავთ, როგორ გადაადგილდება ის პლანეტის მრუდე კიდის მიღმა, ატმოსფეროს სიფერადისა და კოსმოსის სიშავის ფონზე.
"გუმბათიდან შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებისას კომეტა Tsuchinshan-ATLAS ბუნდოვანი ვარსკვლავის მსგავსად ჩანს. ამის მიუხედავად, 200-მილიმეტრიანი f2 ლინზიდან, 1/8 წმ. ექსპოზიციით, მას უკვე ბევრად მკაფიოდ ვხედავთ. ეს კომეტა უფრო ლამაზ სანახაობას შემოგვთავაზებს, როცა მზეს მეტად მიახლოვდება", — წერს მეთიუ დომინიკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
C/2023 A3 მზეს ყველაზე ახლოს 27 სექტემბერს ჩაუვლის, რა დროსაც კომეტასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის დისტანცია 58.6 მილიონი კილომეტრი იქნება. ამის შემდეგ მის დანახვას მხოლოდ განთიადამდე შევძლებთ ხოლმე, მაგრამ 9 ოქტომბერს მზის ჩასვლისასაც უნდა გამოჩნდეს.
ვარაუდობენ, რომ C/2023 A3 ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა 50 ობიექტს შორის იქნება. ისიც არაა გამორიცხული, რომ იუპიტერზე მეტად, მაგრამ ვენერაზე ნაკლებად იელვაროს. კომეტა დედამიწას ყველაზე მოკლე მანძილზე 12 ოქტომბერს ჩაუვლის.
კომენტარები