iPhone 16 — რა ვიცით ახალი თაობის სმარტფონების შესახებ
კომპანია Apple-მა კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარადგინა, მათ შორისაა ახალი თაობის სმარტფონები: iPhone 16, iPhone 16 Plus, iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max.
ახალ iPhone-ებს საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, შესაბამისად ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორია ამ ახალი მოწყობილობების ფუნქციონალი და მახასიათებლები. სტატიაში თითოეულ მათგანზე მოგიყვებით.
iPhone 16 და iPhone 16 Plus
Apple-მა საზოგადოებას ჯერ სწორედ ეს ორი მოდელი წარუდგინა. ახალი iPhone-ები ამ სერიის პირველი სმარტფონებია, რომელთა სისტემაც სპეციალურად გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზეა მორგებული. საუბარია Apple Intelligence-ზე, რომელიც კომპანიის AI პლატფორმაა. მისი მეშვეობით iPhone 16-ის მფლობელებს ტექსტისა და სურათების შექმნა სიტყვიერი მითითებების/ბრძანებების მეშვეობით შეეძლებათ.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, ესენია:
კამერის მაკონტროლებელი ღილაკი — ის სმარტფონების გვერდზეა განლაგებული და მომხმარებელს კამერაზე სწრაფ წვდომას აძლევს. ასევე, მისი საშუალებით ჩვენს ხელთაა "ვიზუალური ინტელექტი", რომლის მეშვეობითაც ამა თუ იმ ფუნქციით სარგებლობის შესაძლებლობა გვაქვს. მაგალითად, თუ მას დავაჭერთ და კამერის ობიექტივში რესტორანს მოვახვედრებთ, ამ ობიექტის შესახებ ინფორმაციას მივიღებთ, როგორიცაა შეფასებები, მენიუ და სხვა. კამერა ძაღლის ჯიშებს ან ქალაქის ღირსშესანიშნაობებსაც ამოიცნობს. ღილაკზე თითის მსუბუქი შეხებითა და ამოძრავებით კამერის ესა თუ ის ფუნქციაც ირთვება.
გაუმჯობესებული Siri — ეს ციფრული ასისტენტი ამიერიდან მომხმარებლებს ტექსტური შეტყობინებებიდან მიღებულ მონაცემებს შეახსენებს. მეგობარმა ან ოჯახის წევრმა რაიმე რეკომენდაცია მოგცათ მუსიკისა თუ სატელევიზიო შოუს შესახებ? Siri შეგახსენებთ. თუ მას უბრძანებთ, რომ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ თარიღში გადაღებული აქტივობის ფოტოები გაუგზავნოს, ის ამას მარტივად და ავტომატურად შეასრულებს.
ფერები და ზომები — ბოლო თაობის სმარტფონები თეთრ, შავ, ვარდისფერ, მომწვანო-მოცისფრო და ღრმა ლურჯ ფერშია ხელმისაწვდომი, რომელსაც "ულტრამარინი" ეწოდება. iPhone 16-ის ეკრანი 6.1-დუიმიანია, ხოლო iPhone 16 Plus-ისა — 6.7-დუიმიანი.
უფრო სწრაფი პროცესორი — iPhone 16-ში სისტემური მეხსიერების 17%ით მეტი გამტარუნარიანობაა, რათა მან Apple Intelligence-სს აუწყოს ფეხი. გრაფიკული პროცესორი კი iPhone 15-ისაზე 40%-ით სწრაფია.
iPhone 16-ისა და iPhone 16 Plus-ის ღირებულება 799 და 899 აშშ დოლარიდან დაიწყება.
IPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max
Apple-ის სმარტფონების ახალი ფუნქციების შესახებ ზემოთ ინფორმაციის ნაწილი უკვე მოგაწოდეთ. ამჯერად კი კონკრეტულად IPhone 16 Pro-სა და iPhone 16 Pro Max-სს გაგაცნობთ, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე ფუნქციები შედარებით გაუმჯობესებულია, ვიდრე წინა ორ მოდელში.
უფრო დიდი ეკრანი — iPhone 16 Pro-ს ხაზის სმარტფონებს გასული წლის მოდელებზე 0.2 დუიმით დიდი ეკრანი აქვს. Pro ვერსიის შემთხვევაში მისი ზომა 6.3 დუიმია, ხოლო Pro Max 6.9-დუიმიანი ეკრანითაა წარმოდგენილი. ეს დისპლეის უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, ამ მოწყობილობებს სხვებისგან ყველაზე თხელი კიდეები გამოარჩევს.
ელემენტი და ფერები — კომპანიის განცხადებით, ორივე მოდელის ელემენტი რეკორდულად დიდხანს ძლებს, რაც A18 Pro ჩიპის დამსახურებაა. iPhone 16 Pro -ს ბატარეის ერთი დატენით ვიდეოების ყურებას 27 საათი შეძლებთ, Pro Max-ით კი 33 საათი. რაც შეეხება ხელმისაწვდომ ფერებს, ესენია: თეთრი, მუქი, ბუნებრივი და მოყავისფრო ტიტანისფერი.
4K ვიდეო — ახალი სმარტფონებით შესაძლებელია, რომ ვიდეო 4K გარჩევადობით გადაიღოთ, წამში 120 კადრით. ასევე, ტელეფონს აქვს ფუნქცია, რომ თავად ჩანაწერი შეანელოს, ანუ თავიდანვე ასეთ რეჟიმზე დაყენება არ დაგჭირდებათ. გაუმჯობესებულია აუდიო ჩანაწერის მახასიათებლებიც, მათ შორის შემცირებულია ფონური ხმაური.
iPhone 16 Pro-სა და iPhone 16 Pro Max-ის ღირებულება 999 და 1 199 აშშ დოლარიდან დაიწყება.
კომენტარები