რატომ გვტკივდება თავი სიცხეში?
მზეში დიდხანს ყოფნისას თავი, ალბათ, ერთხელ მაინც აგტკივებიათ. ამ და სხვა სიმპტომებს ხშირად გადახურებას ანდა "მზის დარტყმას" უწოდებენ. სტატიაში თავის ტკივილისა და სიცხის კავშირს მიმოვიხილავთ.
ასევე იხილეთ: როგორ გადავურჩეთ მზის დარტყმას — მარტივი რჩევები
თავის ტკივილს მაინცდამაინც მაღალი ტემპერატურა იწვევს?
კვლევები აჩვენებს, რომ თავის ტკივილი უფრო ხშირია ხოლმე, როცა ტემპერატურა მატულობს. მეორე მხრივ, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ტკივილს სიცხე იწვევს და არა, მაგალითად, მისი თანმდევი რომელიმე ფაქტორი.
"ამინდი ხშირად იმ 4-5 ტრიგერს შორის არის, რომელზეც ადამიანები საუბრობენ ხოლმე", — Live Science-თან საუბრისას განაცხადა ნოლან პირსონმა, ნევროლოგიის ასპირანტმა და თავის ტკივილის მკვლევარმა — "მაგრამ რეალურად, შესაძლოა, თავის ტკივილს სიცხის თანმდევი მოვლენები იწვევდეს და არა თავად სიცხე".
კვლევების უმეტესობა სიცხესა და თავის ტკივილს შორის მხოლოდ კორელაციას, ანუ კავშირს აჩვენებს. მაგალითისთვის, შესაძლოა, კვლევისას თავის ტკივილის გამო საავადმყოფოში მოხვედრის მაჩვენებლები შეისწავლონ სხვადასხვა თვეში და აღმოჩნდეს, რომ ეს მოვლენა ზაფხულობით უფრო ხშირია. მეორე მხრივ, ამის მიხედვით პირდაპირ ვერ დავასკვნით, რომ თავის ტკივილს მაინცდამაინც სიცხე იწვევს. ზაფხულში გარემო და ცხოვრების სტილიც იცვლება, მსგავსი ფაქტორები (თუნდაც ჰაერის ხარისხი, სინათლე და ფიზიკური აქტივობა) კი, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილს იწვევდეს.
პირსონი გვირჩევს, რომ თავის ტკივილის დროს ამის კონკრეტულ მიზეზებზე დავფიქრდეთ. შესაძლოა, ამ ფაქტორებზე მორგება თავად სიცხესთან შეგუებაზე მარტივი იყოს.
სიცხის თანმდევი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება თავის ტკივილს იწვევდეს
თავის ტკივილს ხშირად ცუდი ხარისხის ჰაერი იწვევს, სიცხის ტალღები კი სწორედ მის ხარისხს აუარესებს. სიცხის შედეგად, შესაძლოა, ჰაერში არსებული ქიმიური ელემენტები ოზონად და სხვა საზიანო ნივთიერებებად გარდაქმნას. ოზონი უფერო აირია, რომელმაც ჯანმრთელობაზე არაერთი სახის გავლენა შეიძლება იქონიოს. ამას გარდა, შესაძლოა, სიცხეში ქარი და აირის წნევა ისე შეიცვალოს, რომ დამაბინძურებელი ნივთიერებები (ქარხნებიდან ან მანქანებიდან) ქალაქებში ჩვეულებრივზე დიდხანს დარჩეს, ნაცვლად გაფანტვისა.
ზაფხულის თვეებში დღეები უფრო გრძელია და ულტრაიისფერი გამოსხივებაც მატულობს. მეორე მხრივ, სინათლეში ყოფნასა და თავის ტკივილს შორის კომპლექსური კავშირი არსებობს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თავის ტკივილს თავად კაშკაშა სინათლე არ იწვევს; მეორე მხრივ, შაკიკის მქონე ადამიანები შეტევის დროს შუქის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან. შესაბამისად, შესაძლოა, მწველი მზის ქვეშ ყოფნამ არსებული ტკივილი გაამძაფროს.
ცნობილია, რომ სიცხის დროს ჩვენი ყოველდღიური რუტინა მეტ-ნაკლებად ირევა, ეს კი თავის ტკივილის შანსებსაც ზრდის. მაგალითად, ასეთ ამინდში დამატებითი წყლის დალევაა საჭირო, რაც ზოგჯერ შეიძლება არ გვახსოვდეს. ასე გაუწყლოებამდე მივდივართ, რომელიც თავის ტკივილის ცნობილი მიზეზია. ამასთანავე, ცხელ ამინდში, შესაძლოა, მადა დაქვეითდეს; დიდხანს შიმშილი სისხლში შაქრის დონის ცვალებადობას იწვევს, ამას კი თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.
დაბოლოს, სიცხემ ძილის რეჟიმიც შეიძლება აგვირიოს. პირსონის თქმით, "კარგი, მშვიდი ძილი ყველაზე ეფექტიანად მაშინ ხდება, როცა გარემო შედარებით ცივია". როცა ღამით ძილში რამე — თუნდაც გადახურება — ხელს გვიშლის, ბევრად მეტია შანსი, რომ შაკიკი და კლასტერული თავის ტკივილი განვითარდეს.
კომენტარები