ეგვიპტეში 2 500 წლის წინანდელი ობსერვატორია აღმოაჩინეს
შარმლ ელ შეიხში უძველესი ობსერვატორია აღმოაჩინეს, საიდანაც ოდესღაც ძველი ეგვიპტელები კოსმოსს აკვირდებოდნენ.
2 500 წელზე მეტი ხნის წინ, შენობა ეგვიპტის უდიდესი ასტრონომიული ობსერვატორია იყო. ამ ნაწილს დღეს ჩვენ ფარაონთა ტაძარს ვუწოდებთ.
ამ ადგილიდან ადრეული ასტრონომები გულმოდგინედ აკვირდებოდნენ მზისა და ვარსკვლავების მოძრაობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმ დროინდელი ცივილიზაციისთვის.
ეგვიპტელები ანტიკური ეპოქის ყველაზე გამოცდილი ასტრონომები იყვნენ. მათი მემკვიდრეობა დღემდე აქტუალურია. ძველ ეგვიპტეში დაიბადა 365-დღიანი კალენდარი და 24-საათიანი დღე. ძველ ეგვიპტელებს შედგენილი ჰქონდათ ღამის ცის რუკა, გააჩნდათ საკუთარი თანავარსკვლავედები და ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც შემონახულია.
ახლად აღმოჩენილი ობსერვატორია, თავისი შემორჩენილი არტეფაქტებით, სწორედ ამის დასტურია.
თავად შენობა, აგურით იყო ნაგები და 850 კვადრატულ მეტრს მოიცავდა. ის L-ის ფორმის სვეტებით იყო აგებული და შესასვლელი აღმოსავლეთით, მზის ამოსვლის მიმართულებით იყო.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს არქეოლოგებმა ამ ადგილას ისეთი არტეფაქტები და ატრიბუტები აღმოაჩინეს, რომლებიც ცის შესწავლასთანაა დაკავშირებული.
განსაკუთრებით საინტერესოა დიდი დახრილი ჩრდილოვანი საათი, რომელიც ძველი ეგვიპტელების მიერაა შექმნილი. საუბარია მზის საათზე, რომელიც დროის აღსანიშნად ჩრდილის მოძრაობას იყენებდა.
აქ ასევე აღმოაჩინეს დიდი ქვის ბლოკი, ორი შედარებით პატარა წრიული ქვით, ერთი ჩრდილოეთით და მეორე დასავლეთით. ესეც მზის დახრილობის დასაკვირვებლად გამოიყენებოდა.
ობსერვატორიის იარაღების შესანახად გამოიყენებოდა ხუთი პატარა ოთახი. აღმოაჩინეს ობსერვატორიის კოშკიც. ასევე გაიხსნა დიდი დარბაზი, ყვითელი ხსნარით დაფარული სამი კედლით, რომლებზეც ფრესკები იყო მოხატული.
სხვა არტეფაქტებს მიეკუთვნება საზომი ხელსაწყოები, ფაიანსის ყელსაბამი, ღმერთის ქანდაკებები, რელიგიური სიმბოლოები, ჭურჭელი და შესაწირავი მაგიდები.
ასტრონომია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი ეგვიპტელებისთვის. ისინი იყენებდნენ კალენდარს დროის გასვლის აღსანიშნავად და რელიგიური თუ პოლიტიკური რიტუალების თარიღების დასადგენად. ამასთან, ეს მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობისა და ნავიგაციისთვის.
კომენტარები