ბოტსვანის მაღაროში მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი აღმოაჩინეს
ბოტსვანაში არსებულ კეროვის მაღაროში კომპანია Lucara Diamond-ის სამუშაოებისას მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი აღმოაჩინეს.
ის 2 492 კარატს იწონის, რაც თითქმის ნახევარი კილოგრამია. ძვირფას მინერალს მაგმურ ქვა კიმბერლიტში მიაგნეს. ამისთვის სპეციალისტებმა კომპანიის მიერ შექმნილი ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელსაც "მეგა ალმასის მოპოვების რენტგენული ტრანსმისია", იგივე MDR XRT, ეწოდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მაღაროში მუშაობის პროცესი საფრთხილოა, რადგან შესაძლებელია, პროცესში შემთხვევით ძვირფასი მინერალი დანაწევრდეს. სწორედ ამის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა MDR XRT, რომელიც აეროპორტის ბარგის სკანერს ჰგავს, ანუ ქვების მდებარეობასა და განლაგებას აფიქსირებს, რასაც შემდეგ ითვალისწინებენ.
Lucara Diamond-ში უკანასკნელი მიგნებით გახარებულები არიან, თუმცა მსგავსი რამ მათთვის უცხო არაა. კომპანიამ 2015 წელს ჯერ 1 109-კარატიან ალმას Lesedi La Rona-ს მიაკვლია, რომელიც მაშინ სიდიდით მეორე იყო. მისი ადგილი 2019 წელს ისევ მათ მიერ მოპოვებულმა 1 758-კარატიანმა Sewelô -მ დაიკავა.
რაც შეეხება უდიდეს ალმასს, ის 1905 წელს სხვა გუნდის მიერ აღმოჩენილი 3 106-კარატიანი "კულინანია", რომელიც მაღაროს მფლობელის სახელს ატარებს.
უნდა ითქვას, რომ ამგვარ ალმასებს მხოლოდ ბრილიანტების მისაღებად და სამკაულების დასამშვენებლად არ იყენებენ. მსგავსი მინერალის შესწავლით შეგვიძლია, თავად დედამიწის ისტორიაზეც მეტი შევიტყოთ, მაგალითად, უძველესი კონტინენტების ფორმირებაზე, ამიტომ მას მეცნიერული ღირებულებაც გააჩნია.
კომენტარები