საკვების მომზადება მნიშვნელოვანია. მეტიც, ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს არის ის, რამაც ჩვენს უძველეს წინაპრებს გონებრივი შესაძლებლობების განვითარების საშუალება მისცა. მაშ, როდის გამოჩნდნენ პირველი "მზარეულები"?

ამის ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ადამიანები საჭმელს მინიმუმ 50 000 წლის წინ უკვე ამზადებდნენ. ეს მტკიცებულება ორი სფეროდან მოდის: არქეოლოგია და ბიოლოგია.

საკვების მომზადების ერთ-ერთი არქეოლოგიური მტკიცებულება მოხარშული სახამებლის მარცვლებია, რომლებიც გამაგრებულ დენტალურ ნადებშია აღმოჩენილი.

"ჩვენ ასეთი კვალის მოძიება 50 000 წლის წინანდელ კბილებში შეგვიძლია", — ამბობს რიჩარდ რანგჰემი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგი და ავტორი წიგნისა, ცეცხლის გამოყენება: როგორ შეგვქმნა კულინარიამ ადამიანებად.

თუმცა, კიდევ უფრო გვიანდელი მტკიცებულებები ნაკლებად გვხვდება. არსებობს მინიშნებები, რომ ადამიანები ცეცხლს 50 000 წლის წინაც აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს პირდაპირ საჭმლის მომზადებასთან კავშირში ვერ იქნება. შესაძლოა, ადამიანები ცეცხლს სითბოსთვისა და იარაღებისთვის იყენებდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად საჭმლის მოსამზადებლადაც გამოიყენებდნენ.

"ცეცხლის მტკიცებულებები ბევრად უფრო ძველია, მაგრამ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენად იყო ეს კონტროლირებადი ცეცხლი. შესაძლოა, ეს ყოფილიყო ხანძარი, ან სულაც ხანძრის შემდეგ მოპოვებული ცეცხლი. რთულია იმის თქმა, რამდენად შეეძლოთ უძველეს ადამიანებს ცეცხლის გაჩენა და მისი კონტროლი", — ამბობს ბეთან ლინსკოტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგი.

ცეცხლის კონტროლის მთავარი დამადასტურებელია ის, თუ როგორია ნამარხის გარშემო სტრუქტურა.

მსგავსი არტეფაქტები ისეთ ძველ ნამარხებშიც არის აღმოჩენილი, რომლებიც ჰომო საპიენსის გაჩენამდეც იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ცეცხლს ადრეული ჰომინინებიც იყენებდნენ. მაგალითად, ისრაელის ქესემის გამოქვაბულში მკვლევრებმა 300 000 წლის წინანდელი კერის კვალი აღმოაჩინეს — იქვე იყო ცხოველების ნაშთებიც. მეტიც, ინგლისში 400 000 წლის წინანდელი კერაც აღმოაჩინეს, რომელიც დამწვარი ძვლებისა და კაჟის იარაღების ნაშთებსაც შეიცავდა.

ზოგ კვალს კიდევ უფრო შორეულ წარსულში მივყავართ. სამხრეთ აფრიკაში, Wonderwerk-ის გამოქვაბულში აღმოჩენილმა ფერფლმა გააჩინა ეჭვი, რომ საკვების მომზადება მილიონი წლის წინაც ხდებოდა.

საინტერესოა კენიაში აღმოჩენილი ნამარხიც, რომელიც 1.6 მილიონი წლის წინ კონტროლირებადი ცეცხლის მტკიცებულებაა.

ისრაელში მკვლევრებმა აღმოაჩინეს ნამარხი, რომლის მიხედვითაც საჭმელს 780 000 წლის წინაც ამზადებდნენ. ნამარხში იყო არა მხოლოდ ქვების წრეები, რომლებიც მიუთითებდნენ კერაზე, არამედ თევზის ძვლებიც, რომლებსაც ცეცხლის კვალი ეტყობოდა.

"ჩვენი ორგანიზმი ყველა სხვა ცხოველისასგან განსხვავდება, რადგან ბიოლოგიურად მოხარშული საკვების მიღებაზე ვართ ადაპტირებული. კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი ხორცს უმად ჭამს წონაში საგანგაშოდ იკლებს და ქალების შემთხვევაში მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტაც ხდება", — ამბობენ მკვლევრები.

ფაქტია, საკვების მომზადება ჩვენი ევოლუციის ნაწილია და შესაძლოა, ეს ფენომენი მანამდე გაჩნდა, სანამ თანამედროვე ადამიანი წარმოიშობოდა.

ჰომო ერექტუსი იყო პირველი ჰომინინი, რომელიც თანამედროვე ადამიანს მეტ-ნაკლებად ჰგავდა. მკვლევრების ნაწილი ვარაუდობს, რომ საჭმელების მომზადება პირველად სწორედ ჰომო ერექტუსებმა დაიწყეს.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ადამიანებსა და ჩვენს პრიმატ ნათესავებს შორის არის ჩვენი ნაწლავების ზომა. იმის გამო, რომ მომზადებული საკვები უფრო მარტივი გადასამუშავებელია, ჩვენი ნაწლავები შედარებით მცირეა.

"ჩვენი ნაწლავები ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე შიმპანზისა და ბონობოსი. ამიტომ არის, რომ ჩვენი მუცელი შედარებით უფრო ბრტყელია, ვიდრე მათი", — თქვა რანგჰემმა.

უძველეს ადამიანებს მსგავსი ნაწლავების გამო, ფართო მენჯები და დიდი ნეკნები ჰქონდათ. საკვები რაციონის ცვლილებასთან ერთად, ჩვენმა წინაპარმა ეს მახასიათებლები დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ დაკარგა.

"დაახლოებით ამ დროს შემცირდა ყბებისა და კბილების ზომაც. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროს რაღაცა შეიცვალა. დიდი ალბათობით, ცვლილება საკვების მომზადებასთან უნდა იყოს დაკავშირებული", — აღნიშნა რანგჰემმა.

ეს ყველაფერი დაახლოებით 1.8 მილიონი წლის წინ ხდებოდა.

"ეს ნიშნავს, რომ უძველესმა ადამიანმა საკვების მომზადება დაახლოებით 1.9 მილიონი წლის წინ დაიწყო. ეს პერიოდი პირდაპირ თანხვედრაშია ჰომო ერექტუსთან. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი ჰომინინი, რომელმაც საკვების მომზადება დაიწყო, სწორედ ჰომო ერექტუსი იყო", — ამბობს რანგჰემი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.