უკრაინამ საბრძოლო რობოძაღლების გამოყენება დაიწყო
უკრაინა რუსი სამხედროების წინააღმდეგ რობოძაღლების გამოყენებას აქტიურად იწყებს. Agence France-Presse-ის თანახმად, მალე ეს უფრო მასშტაბურ ფორმებს მიიღებს.
რობოძაღლებს გამოიყენებენ სახმელეთო ნაღმების აღმოსაჩენად, სადაზვერვო მისიებისთვის და ბრძოლის ველზე იარაღის, საბრძოლო მასალისა თუ მედიკამენტების გადასატანად.
მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რობოძაღლები უკვე გამოცადეს და შედეგებით კმაყოფილები არიან. ერთ-ერთმა რობოძაღლმა, სახელად BAD ONE-მა, ჟურნალისტების დასანახადაც გამოიჩინა თავი.
"რობოძაღლი ჩვენი მებრძოლების სიცოცხლეს დაიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანების მაგივრად იგდებს თავს საფრთხეში და ბევრი რამ ჩვენზე კარგადაც გამოსდის", — თქვა რობოძაღლის ერთ-ერთმა ოპერატორმა.
რობოძაღლი დატენის გარეშე 2 საათი მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ ის ხელში მტერს ჩაუვარდება, საკუთარი თავის განადგურებაც შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის გარდა, ამ ტექნოლოგიას სხვა ქვეყნებიც იყენებს. ამ მხრივ გამორჩეული აშშ და ჩინეთია. მაგალითად, მაისში ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლი წარადგინა, რომელიც ტყვიამფრქვევით იყო აღჭურვილი. წვრთნების დროს ვიხილეთ თუ როგორ გამოიყვანეს სამხედრო რობოძაღლები, მაგრამ უშუალოდ იარაღის გამოყენების დემონსტრირება არ მოხდა.
კომენტარები