ექსპერტების თქმით, ჩინურ კოსმოსურ ხომალდს გასაიდუმლოებული სამხედრო მიზნები აქვს
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის იდუმალი კოსმოსური ხომალდი Shenlong, შესაძლოა, უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ეს უბრალოდ კოსმოსური ფრენის შესაძლებლობების ტესტირებაა.
Reuters-თან ინტერვიუში კოსმოსური თავდაცვის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Shenlong-ის მანევრების მიხედვით, ის თანამგზავრების საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიყენონ.
ჩინურ კოსმოსურ ხომალდზე ადამიანების ყოფნა შესაძლებელია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იქ არავინაა. ხომალდი 2020 წლიდან მოყოლებული მესამე ორბიტალურ მისიას ასრულებს. ხომალდის კოსმოსში ყოფნის მიზეზი ბოლომდე უცნობია და სწორედ ამიტომ, მან აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ყურადღება მიიპყრო.
ივნისის დასაწყისში, მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურმა ხომალდმა უცნობი ობიექტი გამოუშვა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა.
ნიდერლანდების დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ექსპერტის, მარკო ლანგბრუკის თქმით, მომავალში ყველას დასჭირდება ისეთი კოსმოსური ხომალდი, რომელსაც მტრის თანამგზავრების დაჭერა და განადგურება შეეძლება.
"აშკარაა, ხომალდს სამხედრო დანიშნულება აქვს, რომელიც მოიცავს, მტრის ობიექტების შემოწმებას ან მათ განადგურებას. ამასთან, ის არასამხედრო შესაძლებლობებითაც გამოირჩევა, მაგალითად საკუთარი თანამგზავრების მიღება და გაშვება შეუძლია", — თქვა ლენგბრუკმა.
სამხედრო მანევრები
აღსანიშნავია, რომ აშშ-საც აქვს თავისი საიდუმლო სამხედრო კოსმოსური ხომალდი. X-37B-ის სახელწოდების ხომალდი Boeing-ის მიერაა შექმნილი და დღემდე შვიდი საყურადღებო მანევრი შეასრულა. ექსპერტების თქმით, ჩინური კოსმოსური ხომალდის მსგავსად, X-37B-ც შესაბამის მანევრებს ახორციელებს.
"ამ ეტაპზე ეს უფრო სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებაა, ვიდრე რაიმე პრაქტიკული მიზანი", — თქვა ვაშინგტონის Secure World Foundation-ის კოსმოსური უსაფრთხოების დირექტორმა, ვიქტორია სამსონმა.
მეორე მხრივ, ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ასეთი ხომალდების მანევრები საყურადღებოა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომებიცაა მისაღები.
კომენტარები