ვატიკანთან ახლოს კალიგულას ბაღი აღმოაჩინეს
ვატიკანთან ახლოს 2 000 წლის წინანდელი ბაღი აღმოაჩინეს, რომელიც რომის იმპერატორს ეკუთვნოდა.
იტალიელმა მშენებლებმა 2 000 წლის წინანდელი ბაღი აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც კალიგულას ეკუთვნოდა.
ბაღის კედლები ტიბრის ნაპირებს გადაჰყურებს. ტიბრის მდინარე კვეთს რომს და ვატიკანის აღმოსავლეთით მიედინება. ნანგრევები მშენებლებმა პიაცა პიას ახალი ესტაკადის გაყვანისას აღმოაჩინეს.
როდესაც არქეოლოგებმა ნარჩენები ამოიღეს, აღმოაჩინეს წყლის მილი შემდეგი წარწერით: "C(ai) Cæsaris Aug(usti) Germanici". მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გრავიურა მოიხსენიებდა გაიუს კეისარ ავგუსტუს გერმანიკუსს, ანუ კალიგულას. იმპერატორს ეს მეტსახელი მამის ჯარისკაცებმა შეარქვეს, რაც პატარა ჩექმას ნიშნავს.
წარწერის საფუძველზე, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ბაღი, რომის "სამარცხვინო" იმპერატორს ეკუთვნოდა. ითვლება, რომ კალიგულა არა მხოლოდ ტირანი და დაუნდობელი მმართველი, არამედ სადისტიც იყო, რომელიც ადამიანებს ხშირად ამცირებდა. კალიგულა ტახტზე 37 წელს ავიდა, ხოლო 41 წელს პრეტორიანულმა გვარდიის წევრებმა (ოფიციალური პირები, რომლებსაც ის უნდა დაეცვათ) იმპერატორი მოკლეს.
ახალ აღმოჩენასთან თანხვედრაშია ეგვიპტელი ფილოსოფოსის, ფილოს ალექსანდრიელის მიერ დაწერილი ძველი ტექსტი "გაიუს ელჩობის შესახებ". ტექსტში აღწერილია, თუ როგორ შეხვდა კალიგულა ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელების წარმომადგენელს. ტექსტის თანახმად, ეს ტიბრის გასწვრივ დიდ ბაღში მოხდა — იმ ბაღში, რომელიც ახლა აღმოაჩინეს.
იმ დროს ებრაელი და ბერძენი ალექსანდრიელები ერთმანეთთან ქიშპში იმყოფებოდნენ. კალიგულამ უარყო ებრაელების მოთხოვნები და ბერძნებს მიემხრო.
არქეოლოგი, ალესიო დე კრისტოფარო ამბობს, რომ აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან პიაცა პია იმავე ტერიტორიაზეა, რომელზეც "Horti Agrippinae", აგრიპინა უფროსის ბაღი. ცნობისთვის, აგრიპინა კალიგულას დედა იყო.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ბაღი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასე გახდა ის კალიგულას საკუთრება.
კომენტარები