რომელია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ცხოველი?
დედამიწაზე ცხოველთა მრავალი სახეობაა გავრცელებული, მაგრამ რომელია ყველაზე ძლიერი?
ასეთი რეპუტაცია ბევრ მათგანს აქვს, მაგალითად ლომებს, პოლარულ დათვებსა თუ გრიზლებს. მაგალითად, National Geographic-ის დოკუმენტური ფილმისთვის ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გრიზლებს 315-კილოგრამიანი ნაგვის ურნის მოსროლა ისე მარტივად შეუძლიათ, თითქოს ტორებით მსუბუქი ბურთი ეკავოთ. ნავარაუდებია, რომ საშუალო ზრდასრული ასეთი ცხოველის ძალა ადამიანისას 2.5-დან 5-მდე აღემატება, გაღიზიანებისას კი შესაძლოა, მას გადააჭარბოს კიდეც.
ამის მიუხედავად, ვერცხლისფერზურგიანი გორილა პლანეტაზე არსებულ ნებისმიერ დათვზე ძლიერად მიიჩნევა. მათ ძალიან ღონიერი ხელები აქვთ, რომელსაც სიარულისთვის, ცოცვისთვის და ქანაობისთვის იყენებენ. ამ არსებებს 800-კილოგრამი წონის მქონე უძრავი ობიექტის აწევა შეუძლიათ, მაგრამ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სულაც არაა.
პირველობა აფრიკული სავანას სპილოს (Loxodonta africana) ეკუთვნის, რომელიც 9 000 კილოგრამს ძრავს. ამას ისინი ხორთუმის მეშვეობით ახერხებენ, რომლითაც მანქანის ან წაქცეული ხის დაჭერაც შეუძლიათ. ამგვარ ძალას 40 000-ზე მეტი კუნთი და მყესი განაპირობებს, რომელთა დახმარებითაც ეს უზარმაზარი არსებები ყველას ჯაბნიან.
აფრიკული სპილოები დედამიწაზე მცხოვრებ ყველაზე დიდ არსებაზე, ლურჯ ვეშაპზე, ბევრად ღონივრები არიან. კერძოდ, ვეშაპისებრთა 22-ზე მეტი სახეობის ანალიზმა ცხადყო, რომ წყალში მობინადრე ეს გიგანტები დაახლოებით 6 300 კილოგრამს ძრავენ.
მნიშვნელოვანია, რომ ძალა ხშირად ზომაზე სულაც არაა დამოკიდებული. მაგალითად, თუ აფრიკულ სპილოს საკუთარი სხეულზე 1.5-ჯერ მძიმე ობიექტის აწევა შეუძლია, მწერებში ბევრად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ამით გამორჩეულია Onthophagus taurus-ის სახეობის ხოჭო, რომელიც საკუთარ სხეულზე 1 141-ჯერ მძიმე წონას სწევს.
სხვა ძლიერ მცირე ზომის არსებებს შორის აღსანიშნავია ფოთოლმჭრელი ჭიანჭველები და მარტორქა ხოჭოები, რომელთაც ძალიან მტკიცე გარე ჩონჩხი აქვთ.
კომენტარები