შეიმუშავეს ბიონიკური ფეხი, რომლის კონტროლიც გონებით არის შესაძლებელი
MIT-ის მკვლევრებმა ფეხის ახალი პროთეზი შეიმუშავეს, რომლის გაკონტროლებაც ტვინის სიგნალებითაა შესაძლებელი. ეს კიდურების ამპუტაციის მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა. ახალმა პროთეზმა ჩვეულებრივი პროთეზების მქონე ადამიანებთან შედარებით სიარულის სიჩქარე 41%-ით გაზარდა. ეს ის საშუალო სიჩქარეა, რომლითაც ამპუტაციის არ მქონე ადამიანები მოძრაობენ. მეტიც, ასეთი პროთეზით ადამიანს კიბეებზე მოძრაობაც თავისუფლად შეუძლია.
ვიდეოში ჩანს, თუ რამდენად მარტივია ბიონიკური ფეხის მქონე ადამიანებისთვის კიბეებზე ასვლა.
"ეს ასეთი მასშტაბის პირველი კვლევაა, რომლის ფარგლებშიც ფეხის პროთეზი სრულად ნერვული მოდულაციის ქვეშაა. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ და დაინახოთ, რომ ბიონიკური ფეხის მქონე ადამიანი ბუნებრივად მოძრაობს. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ფეხს ადამიანის ნერვული სისტემა აკონტროლებს და არა განყენებულად ალგორითმი", — თქვა კვლევის ავტორმა და MIT-ის ბიონიკის ცენტრის დირექტორმა, ჰიუ ჰერმა.
მეცნიერებმა შვიდი პაციენტი გამოიკვლიეს, რის შედეგადაც მათ სპეციალური ოპერაცია ჩაუტარდათ. ოპერაციის შემდეგ, პაციენტებს საშუალება მიეცათ ზუსტად იგრძნონ კიდურის პოზიცია, სიჩქარე და ბრუნვა.
ამ პროცედურამ პროთეზის კონტროლი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
"ახლა ჩვენს პაციენტებს ლაშქრობაზე წასვლაც შეუძლიათ. მეტიც, შეეძლებათ იცეკვონ კიდევაც, რადგან კიდურზე სრული კონტროლი აქვთ", — უთხრა ჰერმა The Guardian-ს.
ჰერმა 1982 წელს უბედური შემთხვევის შემდეგ ორივე ფეხი დაკარგა. ახლა ის ამბობს, რომ ახალ პროთეზს თავადაც გამოცდის.
კომენტარები