გამოავლინეს მცენარე, რომელსაც მარსის ტერაფორმირება შეუძლია
მცენარეს მარსის უდაბნოში გადარჩენა შეუძლია.
ჩინელი მეცნიერების თქმით, აღმოაჩინეს უდაბნოს ხავსი, რომელსაც მარსის ზედაპირზე გადარჩენა შეუძლია.
როგორც The Guardian იტყობინება, ხავსი, სახელად Syntrichia caninervis, მარსის ტერაფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. წითელი პლანეტის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა -62 გრადუსი ცელსიუსია. მარსის ატმოსფერო დედამიწისაზე ასჯერ ნაკლებად მკვრივია და აქ ჟანგბადი 1%-ზე ნაკლებია.
ეს კი ნიშნავს, რომ მარსზე გადარჩენას მხოლოდ ძალიან გამძლე მცენარე თუ შეძლებს.
"მარსის კოლონიზაციისას გადამწყვეტი როლი მცენარეებს ექნება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვიძიოთ შესაბამისი კანდიდატები", — თქვეს მკვლევრებმა.
მარსზე მცენარეების გაშენებამ შეიძლება უნაყოფო ზედაპირი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოდ გარდაქმნას.
"მცენარეების გაშენება ნებისმიერი გრძელვადიანი კოსმოსური მისიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ მცენარეს შეუძლია ნახშირორჟანგისა და წყლის ჟანგბადად გარდაქმნა. ამ მხრივ უდაბნოს ხავსი საჭირო რესურსია", — განუცხადა The Guardian-ს ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, სტიუარტ მაკდანიელმა.
SETI-ის ინსტიტუტის მკვლევრის, აგატა ზუპანსკის თქმით, ხავსი სხვა მცენარეების გაზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მკვლევრებმა მარსის გარემოს სიმულაცია მოახდინეს და დაადგინეს, რომ უდაბნოს ხავსს ასეთ პირობებში არსებობა ხუთი წლის განმავლობაში შეუძლია. მცენარე ასევე საოცრად მდგრადი იყო რადიაციის მიმართ და მეტიც, გამა სხივების ფონზეც კი იზრდებოდა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მცენარის გაზრდა შესაძლებელი იქნება როგორც მარსზე, ისე მთვარეზე. ეს კოლონიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები