თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) ერთ-ერთი ყველზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა. დღეს AI-ზე დაფუძნებული ხელსაწყოებით უკვე შესაძლებელია ტექსტის გენერირება, სახის ამოცნობა, ვიზუალური მასალის შექმნა და სხვა. როგორც წესი, მსგავსი დავალებების შესრულებას ადამიანური ინტელექტი სჭირდება, თუმცა AI ამას მონაცემებზე დაყრდნობით შექმნილი სისტემის საშუალებით ახერხებს.

AI-ის მარტივი მაგალითია ისეთი პროგრამა, რომელიც სურათებში ობიექტების აღმოსაჩენად არის შექმნილი. თავდაპირველად სისტემას მიეწოდება ამ ობიექტების შემცველი ფოტო მასალა, შემდგომ კი ის სხვა სურათებში ამ ობიექტებში აღმოჩენის გზებს სწავლობს.

ბევრი ტექნოლოგიური კომპანია ხელოვნურ ინტელექტს ოპერაციების გასაძლიერებლად იყენებს. მაგალითისთვის, Google-ის მხრიდან AI Gmail-ში სპამების გასაფილტრად გამოიყენება, Amazon-ი მას მომხმარებლისთვის რეკომენდებული პროდუქციის შეთავაზებისთვის იყენებს, Netflix-თვის კი ის კონტენტის შექმნისა და რეკომენდაციების მიწოდების შესაძლებლობაა.

ბოლო წლებში არსებული AI-ის ბუმი საფონდო ბირჟებზეც აისახა. ამ სტატიაში იმ ხუთი კომპანიის შესახებ გიყვებით, რომლებიც AI სექტორში წარმატებას უკვე მიაღწიეს, გაჩერებას არ აპირებენ და საფონდო ბირჟის ინვესტორების ყურადღებასაც იპყრობენ.

1. Nvidia

ფოტო: Unsplash

ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელმაც AI-ის წარმატებით ისარგებლა, გრაფიკული ჩიპების მწარმოებელი Nvidia არის. GPU ჩიპები, რომლებიც თავდაპირველად ვიდეო თამაშებისთვის გამოიყენებოდა, ახლა AI გამოთვლითი სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

Nvidia-ს მონაცემთა ცენტრიამჟამად კომპანიისთვის შემოსავლის დიდ ნაწილს აგენერირებს. თუმცა, მისი ინტერესის კიდევ ერთი სფერო ავტომატურად მართვადი მანქანებია. ის მუშაობს აპარატურულ და პროგრამული პლატფორმების განვითარებაზე, რომლებიც მძღოლის ფუნქციებს შეითავსებენ და ავტომობილს მძღოლის გარეშე მართავენ.

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონი დოლარია. წლის დასაწყისთან შედარებით მისი აქციების ღირებულება 150%-ით არის გაზრდილი. ამჟამად მისი ერთი აქცია 124,64 დოლარად ივაჭრება.

2. Alphabet

ფოტო: Pexels

ამ კომპანიამ 2014 წელს AI კვლევითი ლაბორატორია DeepMind შეიძინა და მას შემდეგ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციისთვის ემზადება. ის, ასევე, ფლობს კომპანია Waymo-ს, რომელიც მგზავრებს მძღოლის გარეშე ავტომობილებით გადაადგილების სერვისს სთავაზობს. Alphabet-მა ასევე გამოუშვა Gemini, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, რომელიც ChatGPT-ის კონკურენტად განიხილებოდა.

ხელოვნური ინტელექტის მიმართ ამ კომპანიის ინტერესი არავისთვის აღმოჩნდა სიურპრიზი. მან გამოუშვა AI ინსტრუმენტები Google Could-ისთვის, მათ შორის გენერაციული AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებელს ელექტრონული წერილების დაწერაში ეხმარება.

ამასთან, Alphabet-ი ხელოვნურ ინტელექტს საძიებო სისტემის გაუმჯობესებისა და Youtube-ისთვისაც იყენებს. ამ შემთხვევაში AI-ის დანიშნულებაა, რომ პლატფორმაზე ატვირთული ვიდეოს მონაკვეთი და შინაარსი კონკრეტული მომხმარებლების ინტერესებს მოარგოს და შესთავაზოს.

Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.314 ტრილიონი დოლარია. ბოლო ექვს თვეში მისი აქციების ღირებულება 32.73%-ით გაიზარდა. მის ერთ აქციას ახლა 185,99 დოლარად შეიძენ.

3. Microsoft

ფოტო: Unsplash

ამ კომპანიამ OpenAI-სთან პარტნიორობის წყალობით ბოლო პერიოდში ბევრი აალაპარაკა. ტექნოლოგიების გიგანტმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო სტარტაპში ინვესტირება, ცოტა ხნის წინ კი დამატებით 10 მილიარდი OpenAI-ში დააბანდა.

Microsoft-მა GPT ფუნქციები საკუთარ მრავალპროფილურ ბიზნესში ფართოდ დანერგა. აღმასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა ამბობს, რომ მისთვის AI კომპიუტერული პლატფორმების მომავალია. მათი მხრიდან განხორციელებული 10-მილიარდიანი ინვესტიცია კი იმის ნიშანია, რომ კომპანია AI-ის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

გარდა ტექნოლოგიური ნაწილისა, Microsoft-ი ხელოვნურ ინტელექტს ჯანდაცვის სფეროშიც იყენებს. კერძოდ კი, ავტომატიზებული კლინიკური დოკუმენტაციის შექმნაში, რათა ადმინისტრაციული საჭიროებები შეამციროს. ამასთან, ის იყენებს Azure-საც, რათა მომხმარებელს პერსონალური AI ინსტრუმენტების შექმნის შესაძლებლობა მისცეს.

Microsoft-ის კომპანიის ზომა 3.366 ტრილიონი დოლარია. არსებული მდგომარეობით, მისი ერთი აქციის შეძენას 453.70 დოლარად შეძლებთ. 2024 წლის დასაწყისთან შედარებით კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი.

4. Amazon

ფოტო: Unsplas

Amazon იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც AI-ს ყველაზე მეტად იყენებენ. უკვე დიდი ხანია, რაც კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი, AI-სა და გამოთვლითი სისტემების სფეროში ერთ-ერთ პიონერად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საკუთარი საქმიანობა საცალო ვაჭრობის სფეროში დაიწყო, ტექნოლოგიები მისი ინტერესის სფეროში ყოველთვის იყო და ახლაც ასეა.

დღეისათვის Amazon ხელოვნურ ინტელექტს თითქმის ყველაფერში იყენებს. მათ შორისაა Alexa —ხმოვანი ასისტენტი;Amazon Go — სასურსათო მაღაზიები სალაროს გარეშე; Amazon Web Services Sagemaker — ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისა და დეველოპერებისთვის მაღალი ხარისხის გამოთვლით მოდელებს აწყობს. ამასთან, კომპანიამ წარადგინა Bedrock — ხელოვნური ინტელექტის სერვისი აპლიკაციების შესაქმნელად. გარდა ამისა, Amazon-მა ინვესტიცია ჩადო Anthropic AI-ში, რომელიც AI ჩატბოტის Claude-ის მწარმოებელია.

Amazon-ის ელექტრონული კომერციის ბიზნესი ასევე AI-ზეა აგებული. კომპანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადგენს პროდუქციის რეიტინგს. გარდა ამისა, AI გამოიყენება მომხმარებლისთვის რეკომენდაციების შეთავაზების დროსაც.

წლის დასაწყისთან შედარებით Amazon-მა აქციების ღირებულება 30.22%-ით გაზარდა. ამჟამად მისი ერთი აქცია 198,69 დოლარად ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.059 ტრილიონი დოლარია.

5. Arm Holdings

ფოტო: Pexels

ამ კომპანიამ აქციებით ვაჭრობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და სულ მოკლე დროში, ჩიპების მწარმოებლებს შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის სახელიც დაიმკვიდრა.

Arm-ს აქვს უნიკალური ბიზნეს-მოდელი. ის ჩიპებს ქმნის და ლიცენზიებს გასცემს ისეთ კომპანიებზე, როგორიც არის Nvidia. შესაბამისად, ამ კომპანიის შემოსავლები ჩიპების გაყიდვიდან მიღებულ ამონაგებთან პირდაპირ დაკავშირებულია.

Arm-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მის მიერ შექმნილი ჩიპების ენერგოეფექტურობაშია. მისი ტექნოლოგიის გამოყენება ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედ ამ უპირატესობების წყალობით, Arm კიდევ უფრო მეტად გაიზრდება — მითუმეტეს, მისი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლები ზრდას უკვე აჩვენებენ.

ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 174.92 მილიარდი დოლარია. ამჟამად მისი ერთი აქცია 168 დოლარად ივაჭრება. ბოლო ექვს თვეში მისი აქციების ღირებულება 122,15%-ით არის გაზრდილი.


ბოლო პერიოდში OpenAI-ის ChatGPT-მ აჩვენა, რამდენად შორს წავიდა გენერაციული AI ტექსტების შექმნის, სურათების, ხმებისა და სხვადასხვა მასალების დამუშავებაში. მას უკვე შეუძლია პირდაპირ უპასუხოს კითხვებს, დაწეროს ლექსები, ჩააბაროს გამოცდები და შეასრულოს არაერთი სახის დავალება. როგორც ჩანს, AI გაჩერებას არ აპირებს, რაც, დიდი ალბათობით, ამ სექტორში მომუშავე კომპანიების აქციების ღირებულებაზეც აისახება.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა

თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.