შესაძლოა, ძილის დროს ტვინის უჯრედები მომავალს "წინასწარმეტყველებდეს"
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, რომ ძილის დროს ტვინში მეხსიერებაზე პასუხისმგებელ რეგიონში არსებული უჯრედები მხოლოდ წარსულ გამოცდილებებს არ უბრუნდებოდეს, არამედ მომავალზეც კონცენტრირდებოდეს. კერძოდ, ემზადებოდეს იმისთვის, რაც ჯერ არ მომხდარა.
ეს დასკვნა მეცნიერებმა ძილ-ღვიძილისას ვირთხების ტვინის აქტივობაზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს. იქ წარმოქმნილ სიგნალებს ისინი იწერდნენ როგორც მღრღნელების ლაბირინთში მოთავსებამდე, ისე ამ დროს და მის შემდეგაც. მიზანი ნეირონული იმპულსების სიხშირეების გაანალიზება იყო, განსაკუთრებით დასვენების პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული უჯრედის მაჩვენებლები სხვების მონაცემებთან დააკავშირეს, რაც გარე სტიმულს არ საჭიროებდა.
სპეციალისტებმა ლაბირინთის ფიზიკურ სივრცეებთან კონკრეტული ნეირონული აქტიურობის ასოცირება რეალურ დროში შეძლეს. ასევე, გამოიკვლიეს თვლემის დროს გაჩენილი სიგნალებიც. საბოლოოდ, ეს ინფორმაცია მანქანური დასწავლის მეთოდით გააანალიზეს და სხვადასხვა მდგომარეობაში უჯრედების ურთიერთკავშირის საერთო სურათი მიიღეს.
ვირთხების ტვინში თვლემისას და ლაბირინთში სიარულისას წარმოქმნილი იმპულსების შესწავლით დაასკვნეს, რომ ძილში ისინი მხოლოდ იმ ადგილებს არ ხედავდნენ, სადაც უკვე იყვნენ. მღრღნელები პოტენციურ ახალ გზებსაც "განიხილავდნენ", სადაც შეიძლება მოხვედრილიყვნენ.
როდესაც ცხოველები ძილის შემდეგ ისევ ლაბირინთში მოათავსეს, აღმოჩნდა, რომ თვლემისას დაფიქსირებული ნეირონული აქტიურობა გარკვეულწილად მათ მომდევნო ქმედებებს შეესაბამებოდა. ფაქტობრივად, ეს ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო იმისა, თუ რა გზით გამოიკვლევდნენ გარემოს ისინი გაღვიძების შემდეგ.
"ვხედავთ ცვლილებებს, რომლებიც თვლემისას იჩენს თავს. როდესაც ცხოველები ამ გარემოში მეორედ მოვათავსეთ, დადგინდა, რომ ეს ცვლილებები ანარეკლია იმისა, რაც მათ ძილში ისწავლეს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები