მეცნიერებმა ღამის კოშმარები ავტოიმუნურ დაავადებასთან დააკავშირეს
ღამის კოშმარები ტვინში ავტოიმუნური დარღვევების დაწყების გამაფრთხილებელი ნიშანი შეიძლება იყოს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა მელანი სლოანმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ ცუდი სიზმრები ლუპუსის გამწვავების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადრეული ნიშანია.
ლუპუსით დაავადებული 676 პაციენტის ონლაინ გამოკითხვაში (ცნობილია როგორც სისტემური წითელი მგლურა) პაციენტების მესამედმა აღნიშნა, რომ დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე ისინი ერთი წლით ადრე ცუდ სიზმრებს ნახულობდნენ.
ეს აღმოჩენა თანხვედრაშია იმასთან, რომ სიზმრები და ტვინის იმუნური სისტემა ერთგვარად დაკავშირებულია.
"ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ სიზმრები ნევროლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს შეიძლება დაავადების ადრეული ინდიკატორი იყოს. თუმცა, ბოლო კვლევა პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ კოშმარები შეიძლება ისეთი სერიოზული ავტოიმუნური მდგომარეობის მონიტორინგში დაგვეხმაროს, როგორიცაა ლუპუსი", — ამბობს ნევროლოგი და კვლევის ავტორი გაი ლეშზინერი, ლონდონის Guy's and St Thomas' Hospitals-დან.
ეს ავტოიმუნური დაავადება ყველაზე ხშირად 15-დან 45 წლამდე ვლინდება. ის იწვევს ტკივილს სახსრებში, ცხელებას, დაღლილობასა და თმის ცვენას.
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც პარკინსონის დაავადება უვითარდებათ, დიაგნოზირებამდე ასევე აღენიშნებათ ღამის კოშმარები. კოშმარები პოტენციურად პროგნოზირებს დემენციასაც, რომელიც ასევე იმუნურ სისტემას უკავშირდება.
და, აი, ახლა, როგორც ჩანს, იგივე ეხება ლუპუსით დაავადებულებსაც.
კვლევა ჟურნალ eClinicalMedicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები