როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
ეს სტატია წიგნის ჭიებს დაგაინტერესებთ. მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ადამიანის ტვინზე. და, აი, ახლა მეცნიერების თქმით, მათ კარგი ამბავი აქვთ — მხატვრულ ლიტერატურას ჩვენს ტვინზე ნამდვილად კარგი ეფექტი აქვს.
PsyPost-თან ინტერვიუში, ლენა ვიმერმა, გერმანიის მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა, განმარტა, რომ მას და მის კოლეგებს სურდათ მეტი გაეგოთ მხატვრული ლიტერატურის გავლენის შესახებ აზროვნებაზე.
"ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. ზოგ შემთხვევაში შედეგები ურთიერთგამომრიცხავი იყო. კვლევებმა აჩვენა, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ გამოვლინდა გარკვეული უარყოფითი ფაქტორებიც. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია თუ რა არის რეალობა და როგორ მოქმედებს კითხვა ტვინზე", — თქვა ვიმერმა.
იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე, ვიმერმა და მისმა კოლეგებმა ორი მეტა-ანალიზი ჩაატარეს. პირველი კვლევის ფარგლებში მკვლევრები მკითხველების კოგნიტიურ ფუნქციებს დააკვირდნენ. მეორე კვლევის შემთხვევაში კი, მხატვრული ლიტერატურის მკითხველების აბსტრაქტული აზროვნება, მსჯელობის უნარი და ემპათია შეისწავლეს.
პირველ მეტაანალიზში, რომელმაც 70 კვლევა და 11 000-ზე მეტი მონაწილე მოიცვა, დადგინდა, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვას ჰქონდა მცირე, მაგრამ "სტატისტიკურად მნიშვნელოვანი" დადებითი გავლენა სუბიექტების შემეცნებაზე. კერძოდ, ამ ჯგუფის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდნენ, როგორც ჩანს, უკეთესად თანაუგრძნობდნენ სხვებს და ესმოდათ მათი.
მეორე მეტა-ანალიზმა, რომელმაც 114 კვლევა და 30 000-ზე მეტი მონაწილე მოიცვა, მხატვრული ლიტერატურის კითხვასთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია აღმოაჩინა. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ვერბალურ უნარებს, მსჯელობას, აბსტრაქტულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას.
საერთო ჯამში, ვიმერის თქმით, ორივე მეტაანალიზმა აჩვენა მსგავსი ტენდენციები: "ადამიანებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას, აქვთ უკეთესი კოგნიტიური უნარები, ვიდრე მათ, ვინც ცოტას ან საერთოდ არ კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას."
მეცნიერებს ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება სურთ.
კომენტარები