"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
TV Pirveli-ს პირდაპირ ეთერში ქართველი ფიზიკოსი გია დვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
სხვა საკითხებთან ერთად, მან IQ-ზეც ისაუბრა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა უმეტესობას მაღალი ინტელექტი აქვს.
"IQ-ებზე და რაღაცებზე რომ გველაპარაკებიან... მე იცით რისი თქმა მინდა? რომ ის, რაც ჩვენ გვხდის ადამიანებად, ეს IQ კი არ არის, ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს — ChatGPT-ის მალე ისეთი IQ ექნება, საერთოდ არავის რომ არ მოელანდება — ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია. ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანისა და მისი ღირსების მიმართ და ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ვცემთ პატივს. აი, ეს არის ადამიანობა.
ასეთი საქციელი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ახლა რაც ხდება, გადის ადამიანობის ჩარჩოებიდან. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფამდე არ მიგიყვანოს?!", — თქვა მეცნიერმა.
აღსანიშნავია, რომ გია დვალი ყოველთვის ნათლად გამოხატავს, რომ უნდა, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და ამისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობად დემოკრატიზაცია მიაჩნია (იხილეთ: "ჩვენ ვართ უძველესი ევროპელები" — გია დვალის 3 არგუმენტი ევროპული საქართველოსთვის).
"ჩვენნაირი ქვეყნისთვის არადემოკრატიულობა დამღუპველია... სხვანაირად ფეოდალური სახელმწიფო გავხდებით, რომელსაც უფრო დიდი ფეოდალური სახელმწიფო შეისრუტავს", — განაცხადა დვალმა ჯერ კიდევ 2022 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.
კომენტარები