ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის შესახებ?
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
"აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები", — აცხადებენ ავტორები.
მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.
მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.
საინტერესოა, რომ უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა უსულო ობიექტებთან (პლედი, რობოტი) შეხებასაც აქვს, მაგრამ მენტალურზე — არა. ამისგან განსხვავებით, სხვა ადამიანთან ან ცხოველთან მსგავსი კონტაქტი ორივე მხრივ ეფექტიანია.
დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.
კომენტარები