შესაძლოა, ელექტროსიგარეტის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ზრდიდეს
ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტს ვიგებთ იმის შესახებ, თუ რაოდენ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ელექტროსიგარეტის მოხმარება. ეს ეხება როგორც სასუნთქ სისტემას, ისე ტვინსა და გულს.
ახალი კვლევის თანახმად, 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებიც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ე.წ. ვეიპის მომხმარებლები იყვნენ, გულის უკმარისობის 19%-ით გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. ეს იმ ინდივიდებთან შედარებით, რომლებსაც ელექტროსიგარეტი არასდროს გამოუყენებიათ. ამ დროს ეს ორგანო სისხლს სათანადოდ ვეღარ ტუმბავს.
"სხვაობა, რომელიც გამოვავლინეთ, საკმაოდ დიდი იყო", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ აშშ-ში მცხოვრები 175 667 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. აქედან დაახლოებით 28 660-ს დაფიქსირებული ჰქონდა, რომ ელექტროსიგარეტს იყენებდა, 3 242-ს კი ამ გამოკითხვიდან 4 წლამდე პერიოდის შემდეგ გულის უკმარისობა აღმოაჩნდა. ვისაც მსგავსი პრობლემა უკვე გადატანილი ჰქონდა, კვლევიდან გამორიცხეს. გაითვალისწინეს ისეთი რისკ-ფაქტორებიც, როგორიცაა სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის გართულებები.
სპეციალისტთა მიერ გაანალიზებული ადამიანების უმეტესობას თეთრკანიანები შეადგენდნენ, თითქმის 60% ქალებს ეკავა, საშუალო ასაკი კი 52 წელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ იმ ინდივიდებში, რომლებიც ელექტროს გარდა ჩვეულებრივ სიგარეტსაც მოიხმარდნენ, გულის უკმარისობის რისკი 59%-მდე იყო გაზრდილი. 19%-ით გაზრდილი რისკი მეტწილად გულის უკმარისობის ისეთ ფორმას მოიაზრებდა, როცა ორგანოს კუნთოვანი ქსოვილი მაგრდება და სისხლით ვერ ივსება.
ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ეს ნიკოტინს უკავშირდებოდეს, რომელიც ელექტროსიგარეტებშიც გვხვდება. ის დამოკიდებულებას იწვევს და რადგან ორგანიზმს ე.წ. ვეიპის მეშვეობითაც გადაეცემა, ამ გზით თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება თითქმის შეუძლებელია. უნდა ითქვას, რომ "ნიკოტინისგან თავისუფალი" ელექტროსიგარეტების უმეტესობაში, რეალურად, ეს ნივთიერება მაინცაა.
დამატებითი კვლევებით შეიძლება გაირკვეს, რამდენად მოქმედებს გულის პრობლემების რისკზე მოწევის სიხშირე. ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of the American College of Cardiology გამოქვეყნდა, თუმცა რეფერირება ჯერ არ გაუვლია.
კომენტარები