კომპანია Meta-ს აპლიკაციას, Facebook Messenger-ს, მნიშვნელოვანი განახლება დაემატა. ამიერიდან მომხმარებლები HD ფოტოებისა და სხვა დიდი ფაილების გაგზავნას შეძლებენ.

Meta-ს უწყებით, Messenger ამიერიდან საშუალებას მოგვცემს, გაგზავნისას სურათი HD ფორმატში ავტვირთოთ. ცნობისთვის, აპლიკაციაში 4K ფოტოების გაგზავნის ფუნქცია კომპანიამ 2017 წელს დაამატა.

ლიზ სვინიმ, Facebook Messenger-ის წარმომადგენელმა, The Verge-თან დააზუსტა, რომ 4K (უფრო ზუსტად, 4,096 x 4,096 პიქსელი თითოეულ დუიმზე) ფოტოები გაგზავნისას უფრო მეტად იკუმშებოდა, ეს კი გამგზავნისა და მიმღების ინტერნეტზე იყო დამოკიდებული. ამიერიდან ფაილები ნაკლებად კომპრესირებული იქნება და მომხმარებლებს შეეძლებათ, "HD" ღილაკის მეშვეობით ფაილები 4K გარჩევადობით გაგზავნონ.

იმ შემთხვევაში, თუკი ღილაკს არ გამოიყენებთ, ფოტოები 2K-ში გაიგზავნება.

ფოტო: Meta

გარდა ამ ფუნქციისა, Messenger-ზე მეგობრებთან საზიარო ალბომების შექმნაც იქნება შესაძლებელი. ჩატის წევრები ალბომში ფოტოებსა თუ ვიდეოებს იხილავენ, დაამატებენ, წაშლიან და გადმოწერენ. ეს ფუნქცია თანდათან დაემატება მომდევნო კვირებში.

ფოტო: Met

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Messenger ამიერიდან 100 მეგაბაიტამდე მოცულობის ფაილებს დაიტევს, როცა აქამდე ეს ლიმიტი მხოლოდ 25 მეგაბაიტი იყო. გამოდის, მომხმარებლებს დიდი დოკუმენტების გასაგზავნად სხვა პლატფორმების გამოყენება აღარ მოუწევთ. ცნობისთვის, iPhone-ით გადაღებული (1080p, 60fps) ერთწუთიანი ვიდეო დაახლოებით 170 მეგაბაიტი ზომისაა.

Meta მომხმარებელთა პროფილებს QR კოდებსაც ამატებს. ეს ფუნქცია Messenger-ის სხვა ანგარიშებთან დაკავშირებას გაგვიმარტივებს.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი ფუნქციების გამოსაცდელად აპლიკაციის უახლესი ვერსია უნდა გქონდეთ დაყენებული. შეგიძლიათ, ამისათვის App Store-ში ან Play Store-ში Messenger აპლიკაცია მოიძიოთ და იგი Update ღილაკით განაახლოთ — თუ, რა თქმა უნდა, იგი უკვე არ განახლებულა ავტომატურად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.