ანონიმური წყაროების თანახმად, Microsoft და OpenAI $100-მილიარდიან სუპერკომპიუტერზე მუშაობენ
აღნიშნული სუპერკომპიუტერის მიზანი ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესება იქნება.
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები — ამ შემთხვევაში OpenAI და მისი სპონსორი Microsoft — დაუღალავად ზრუნავენ ხელოვნური ინტელექტის (AI) გაუმჯობესებაზე, რათა მისი მეშვეობით გამოთვლების კუთხით წინ წავიწიოთ.
გადმოცემის თანახმად, OpenAI და Microsoft ამჯერად $100 მილიარდი ღირებულების სუპერკომპიუტერზე მუშაობენ, რომელიც ახალი AI-ს წვრთნას ემსახურება. ინფორმაციას პლატფორმა The Information ავრცელებს. იგი პროექტთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა.
ტექნოლოგიას, უწყების მიხედვით, კოდური სახელი Stargate ჰქვია და მისი ამუშავება 2028 წელს იგეგმება. OpenAI-ს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა Microsoft-მა სიახლე არ უარყო.
"Microsoft-მა დაამტკიცა, რომ ახალი AI ინფრასტრუქტურის შექმნა შეუძლია მსოფლიოს წამყვანი AI მოდელების საწვრთნელად" — განაცხადა Microsoft-ის წარმომადგენელმა — "მუდმივად ვფიქრობთ ინფრასტრუქტურული ინოვაციების ახალ თაობაზე, რათა AI-ს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს".
თავისთავად, ეს უზარმაზარი ინვესტიციაა, ამიტომ AI ინდუსტრიაში არაერთი კითხვა შეიძლება გაჩნდეს. მაგალითისთვის, საკითხავია ის, თუ რამდენად და რა გზით მოიტანს მოგებას წამოწყება.
ამჟამად კომპანიათა უმრავლესობა, მათ შორის Microsoft და OpenAI-ც, AI სერვისებს უფასოდ სთავაზობენ მომხმარებელს, მათ მეტად დახვეწილ (თუნდაც OpenAI-ს ChatGPT Plus) ვერსიებს კი ყიდიან.
არაა გამორიცხული, ამ მოდელით ზოგიერთმა მომხმარებელმა მოგება მართლაც მიიღოს. მეორე მხრივ, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, ამან მასშტაბური ინდუსტრია ასაზრდოოს. აღსანიშნავია, რომ OpenAI, როგორც ჩანს, ხარჯების შემცირებას ცდილობს — თუნდაც იმ გზით, რომ საწვრთნელი მონაცემების მისაღებად თანხის გადახდას არიდებს თავს.
ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას $100-მილიარდიანი ინიციატივა. გასათვალისწინებელია ის ხარჯებიც, რომლებიც მისი მუშაობის უზრუნველსაყოფად იქნება საჭირო.
გამოდის, ისღა დაგვრჩენია, კომპანიებისგან დამატებით ცნობებს დავუცადოთ და მოვლენების განვითარებას მივადევნოთ თვალი.
კომენტარები