ჩვენ ვიცით, რომ ილონ მასკის საბოლოო გეგმა მარსის კოლონიზაციაა.

თუმცა, როგორც ჩანს, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს. X-ზე ბოლო პოსტში მასკმა აღნიშნა, რომ Starship ბევრად შორს წასასვლელადაა შექმნილი და მას მთელი ჩვენი მზის სისტემის გადალახვა შეუძლია.

"მომავლის Starship ბევრად შორს წავა. ის სხვა ვარსკვლავურ სისტემებში წაგვიყვანს", — დაწერა მასკმა.

და მაინც, აქამდე ჯერ კიდევ შორია. ერთი კვირის წინ რაკეტა Starship მესამე სატესტო მისიის ფარგლებში გაუშვეს.

გაშვებამ წარმატებით ჩაიარა და Starship-მა ორბიტალურ სიჩქარეს მიაღწია. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ხომალდი მაინც განადგურდა და ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა.

ეს ყველაფერი სპეციალისტებს მომდევნო მისიის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. ბოლო მისია წინა მცდელობებზე უკეთესი აღმოჩნდა, რადგან რაკეტა უფრო შორს აიჭრა და ბევრად დიდხანს იფრინა.

თუმცა, საკმარისია კი ეს ასეთი თამამი განაცხადის გასაკეთებლად?!

მასკი ამ რაკეტაზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან ის მრავალჯერადი გამოყენებისაა და სიმძლავრითაც გამორჩეულია. სწორედ ამიტომ მის გამოყენებას პლანეტათაშორის მოგზაურობაში აპირებენ. გეგმის მიხედვით, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. უფრო ზუსტად, მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება.

უკვე ამის შემდეგ წითელი პლანეტა უნდა იყოს.

"ხუთ წელში Starship მარსზე იქნება", — დაწერა რამდენიმე დღის წინ მასკმა.

საუბარი მარსზე შეიძლება რეალურია, მაგრამ. . . უახლოეს ვარსკვლავამდე, რომელსაც პროქსიმა კენტავრი ეწოდება, 4.2 სინათლის წელიწადია. იმ ტექნოლოგიით, რომელიც ახლა გვაქვს, პროქსიმა კენტავრამდე მისაღწევად 6 300 დედამიწის წელიწადი გვჭირდება.

რთულია მასკის ამბიციებს დაეწიო, როგორც ჩანს თავად ის სინათლის სიჩქარესთან მიახლოებაზე ფიქრობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.