ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჩივილს ყაბზობა წარმოადგენს. ზოგჯერ მშობლები ვერ ახერხებენ მისი ნიშნების ამოცნობას ან არ მიიჩნევენ მას სერიოზულ სამედიცინო პრობლემად. რეალურად კი, ყაბზობის უკან ყოველთვის დგას რაიმე კონკრეტული მიზეზი, რომლის ამოცნობაც და დროული რეაგირება მნიშვნელოვანია ბავშვის საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
რა არის ყაბზობა და რა იწვევს მას? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა შეკრულობის ნიშნები და როდის უნდა მიმართოს ექიმს? – ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის პედიატრი თეა აბჟანდაძე.
რა არის ყაბზობა და რა ფაქტორები იწვევს მას?
ყაბზობა, იგივე შეკრულობა, ნაწლავთა მოქმედების სიხშირის კვირაში 3 ან ნაკლებ ეპიზოდამდე შემცირებას ნიშნავს. ასევე, მტკივნეულ და გაძნელებულ დეფეკაციას მყარი განავლოვანი მასებით.
ბავშვებში ყაბზობას რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იწვევდეს, ესენია:
- კვებითი ფაქტორები – მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და სითხის არასაკმარისი მიღება;
- ქცევითი ფაქტორები, მაგალითად, დეფეკაციის აქტის შეკავება. ბავშვებმა შეიძლება იგნორირება გაუკეთონ დეფეკაციის სურვილს, რადგან ისინი დაკავებული არიან თამაშით ან არ სურთ ისარგებლონ უცნობი სველი წერტილებით;
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
- სამედიცინო მიზეზები, როგორებიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), ჰიპოთირეოზი, მაგნიუმის დეფიციტი, კალიუმის დეფიციტი;
- ფსიქოლოგიური ფაქტორები – სტრესმა, შფოთვამ ან სხვა ემოციურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
რა ნიშნები მიანიშნებს ყაბზობაზე?
შეიძლება საქმე გვქონდეს ყაბზობასთან, თუ ნაწლავთა მოქმედება გაიშვიათდა და დეფეკაციას ბავშვი კვირაში 3-ჯერ ან კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობით ახერხებს. შეკრულობის დროს დეფეკაცია მტკივნეულია, განავლოვანი მასები კი – მყარი და მშრალი. ბავშვი, ასევე, ვერ ახერხებს ნაწლავების საკმარისად დაცლას.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა შეკრულობამ?
დეფეკაციის გაძნელებამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს დეფეკაციის პროცესის შიში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ართულებს მკურნალობას. ამასთან ერთად, ყაბზობის მქონე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული მუცლის ტკივილი და დისკომფორტი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე შეკრულობამ შეიძლება, ასევე, გამოიწვიოს ანალური ნაპრალები და სისხლდენა ანუსიდან.
როგორია ყაბზობის პრევენცია?
შეკრულობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კვების ცვლილება. ბავშვის ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს მცენარეული ბოჭკოებით მდიდარ საკვებს, როგორებიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლოვნები. განავლოვანი მასების დარბილებასა და ნაწლავების მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს დღის განმავლობაში სითხის ჭარბი რაოდენობით მიღებაც.
მშობელმა, ასევე, უნდა დაუწესონ ბავშვს ტუალეტის რუტინა და მისცეს მას რეგულარული ხასიათი – სასურველია, დეფეკაცია მოხდეს ჭამის შემდეგ დაახლოებით 15-20 წუთში. ნაწლავის ფუნქციის სტიმულირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფიზიკური აქტივობაც.
როგორ მკურნალობთ ყაბზობას ბავშვებში?
თუ ცხოვრების წესისა და დიეტის ცვლილების მიუხედავად ყაბზობა მაინც გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, შეკრულობის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სწორი მკურნალობის შერჩევის მიზნით.
გარკვეულ სიტუაციებში რეკომენდებულია მედიკამენტების ან განავლის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყაბზობა ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული უნდა მოხდეს მათი დაძლევა. მაგალითად, თუ შეკრულობას შედეგად ახლავს სტრესი ან შფოთვა, საჭიროა, პრობლემას კომპლექსურად მივუდგეთ. ამ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოთერაპევტის ჩართულობაც.
კომენტარები