სამხრეთ ამერიკაში გიგანტური ანაკონდა აღმოაჩინეს
ანაკონდა 8 მეტრის სიგრძისაა და 200 კილოგრამს იწონის.
მკვლევრებმა, ველური ბუნების ცნობილ ტელეწამყვანთან, პროფესორ ფრიკ ვონკთან ერთად, ამაზონში გველის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.
მათი თქმით, ცნობილი მწვანე ანაკონდა, რომელიც ხშირად ფილმებსა და ზღაპრებში გვხვდება, ორი განსხვავებული სახეობისგან შედგება.
ჩრდილოეთის გიგანტური ანაკონდა აქამდე კამერებით აღბეჭდილი არ იყო. თუმცა, ახლა National Geographic-ის ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ეს მოხერხდა.
"მწვანე ანაკონდა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში გვხვდება სრულიად განსხვავებული სახეობაა", — დაწერა ვონკმა ინსტაგრამზე.
მიუხედავად ვიზუალური მსგავსებისა, გენეტიკური განსხვავება ორ სახეობას შორის 5.5%-ია. კონტექსტისთვის ვონკმა თქვა, რომ გენეტიკური განსხვავება ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის სულ რაღაც 2%-ია.
"დიდი გველი" ანაკონდა
ანაკონდას ახლად აღმოჩენილ სახეობას Eunectes akayima დაარქვეს. მის მონათესავე სახეობას, რომელზეც აქამდეც ვიცოდით, Eunectes murinus ჰქვია. ცნობისთვის, akayima ამ ტერიტორიების ძირძველ ენაზე დიდ გველს ნიშნავს.
კვლევის თანახმად, ჩრდილოეთის მწვანე ანაკონდა სამხრეთულ ანაკონდას დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ გამოეყო. მკვლევრები თვლიან, რომ ეს ახლად აღმოჩენილი სახეობა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ ჩვენ მის შესახებ აქამდე არ ვიცოდით.
გველი, რომელთან ერთადაც ვიდეოში ვონკს ვხედავთ, დაახლოებით 200 კილოგრამს იწონის და მისი სიგრძე 8 მეტრია.
კომენტარები