სად და როდის შექმნეს პირველი მუმია
პირველ მუმიებს ჩინჩოროს კულტურაში ქმნიდნენ და ეს 7 000 წლის წინ ხდებოდა.
როდესაც სიტყვა "მუმია" გვესმის, შეიძლება პირველი ძველი ეგიპტე და ფარაონები გაგვახსენდეს. თუმცა, ეგვიპტე არ იყო ის ადგილი, სადაც პირველი მუმია შექმნეს. უძველეს მუმიებს თანამედროვე ჩილეს ტერიტორიაზე, ატაკამას უდაბნოში ჩინჩოროს ხალხი ქმნიდა. ისინი ამას 7 000 წლის წინ აკეთებდნენ.
ჩინჩოროს კულტურა ყველაზე მეტად დაღუპულების მუმიფიცირებით არის ცნობილი. ისინი ადამიანის მუმიფიცირებას ეგვიპტელებზე რამდენიმე ათასი წლით ადრე მიმართავდნენ. სწორედ ეს ადამიანები დასახლდნენ ჩილესა და პერუს სამხრეთით. ეს დაახლოებით ძვ.წ. 5 450 წელს მოხდა.
ტერიტორიების ათვისებიდან მალევე ამ ადამიანებმა ახალი ტრადიციის დანერგვა დაიწყეს. ისინი ამას მშრალი უდაბნოს ქვიშაში მკვდრების სხეულების შესანახად აკეთებდნენ.
ამ უძველესი ადამიანების ნამოქმედარი ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს არა მხოლოდ მუმიფიკაციის უცნაურ ფორმაზე გვაწვდის ინფორმაციას, არამედ იმაზეც, თუ როგორ ფუნქციონირებდა ჩინჩოროს თემი. ამით იმის გამოვლენაც შეგვიძლია, თუ როგორი სოცლიალური და რელიგიური სტრუქტურები ჰქონდათ მათ. ეგვიპტელებისგან განსხვავებით, მუმიფიცირების პრაქტიკა ჩინჩოროს კულტურაში საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელზე ვრცელდებოდა.
რაც შეეხება მუმიფიცირების მეთოდს, პირველი მუმია ასე იქმნებოდა: პირველ რიგში, სხეულს კანს აძრობდნენ და შემდეგ ორგანოებს იღებდნენ. როდესაც სხეული ამოშრებოდა, მასზე კანს თავიდან აკრავდნენ. შემდეგ, სხეულს ლერწამში ან ზღვის ლომის ტყავში ახვევდნენ.
სახეს თიხით ფარავდნენ, ოღონდ ისე, რომ დარჩენილიყო სპეციალური ჭრილები თვალებისა და პირისთვის. დასასრულს, მუმიებს მშრალ უდაბნოში მარხავდნენ.
ჩინჩოროს პირველი მუმია 1917 წელს გერმანელმა არქეოლოგმა მაქს ულემ აღმოაჩინა. იმ დროისთვის მუმიების ზუსტი დათარიღება შეუძლებელი იყო. შემდეგ, ნახშირბადის დათარიღების ტექნიკის შემუშავებით, შესაძლებელი გახდა მუმიების ასაკის გამოვლენა და დადგინდა, რომ ისინი მინიმუმ 7 000 წლის იყო.
პირველი აღმოჩენის შემდეგ, უდაბნოში ასობით სხვა მუმიას მიაგნეს. ზოგიერთი მათგანი სამშენებლო სამუშაოებისას აღმოაჩინეს, ზოგიც "ცნობისმოყვარე" ცხოველებმა ამოთხარეს.
მუმიები მიწის ზედაპირთან ახლოსაა, ამიტომ მათი აღმოჩენა ადვილია. ადგილობრივები მუმიებს წინაპრების მიერ დატოვბულ მემკვიდრეობად მიიჩნევენ და მათზე ზრუნავენ კიდევაც.
თუმცა, კლიმატის ცვლილებამ უძელეს მუმიებსაც შეუქმნა საფრთხე. მუზეუმში შენახულმა მუმიებმა გახრწნა დაიწყო. მუმიების ზედაპირზე შავი, ჟელეს მაგვარი ლაქები ჩნდება, რომლებიც ნელ-ნელა იზრდება.
მუზეუმებში ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა უდაბნოში ტენიანობა უფრო და უფრო იმატებს. ეს პროცესი წლების განმავლობაში გაკეთებული კლიმატური ჩანაწერებითაც დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ მომატებული ტენიანობა და სითბო მუმიის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს ააქტიურებს, რომლებიც მუმიის საკვებად გამოყენებას იწყებენ და მას ხრწნიან.
თუ მეცნიერები მუზეუმებში შენახული მუმიებისთვის საჭირო პირობების შექმნას ვერ შეძლებენ, ისინი სავარაუდოდ მალე სრულად გაიხრწნება და განადგურდება.
კომენტარები