ილონ მასკის კომპანია SpaceX გეგმავს, რომ Starlink-ის რამდენიმე ათეული ხელოვნური თანამგზავრი გაანადგუროს. კერძოდ, ზონდებს ორბიტიდან გაიყვანენ, რათა ისინი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიზანმიმართული და კონტროლირებადი იქნება, რაც ადრეული შემთხვევებისგან განსხვავდება, როცა ასეთი აპარატის რამდენიმე სხვა მოდელი დაუგეგმავად განადგურდა. კომპანიის აღნიშნული ინიციატივა ორბიტული ნაგვის შემცირებასა და ხომალდებისა თუ ასტრონავტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

ფოტო: SpaceX

ასევე, SpaceX აცხადებს, რომ სატელიტების ერთ ჯგუფში გარკვეული ხარვეზი დაფიქსირდა, რომელიც სამომავლოდ მათი გაუმართავი ფუნქციონირების რისკს ზრდის. კომპანიას კონკრეტული პრობლემა არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნა, რომ 17 თანამგზავრი მანევრებს ვერ ახორციელებს და "პასიურად იშლება". აქედან გამომდინარე, მათი განადგურება ლოგიკური იქნება.

SpaceX იმასაც აქტიურად გააკონტროლებს, რომ საკუთარი სატელიტების ტრაექტორია რომელიმე აპარატთან არ გადაიკვეთოს. ამისთვის, იქ მომუშავე სპეციალისტები სათანადო ინფორმაციას სხვა კომპანიებს გაუზიარებენ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს სატელიტები შეჯახებების რისკის ქვეშ ბევრჯერ მოექცა. კერძოდ, ნავარაუდებია, რომ მხოლოდ 2023 წლის 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში 24 000-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, Starlink-ის თითქმის 6000 თანამგზავრიდან ორბიტიდან მხოლოდ 406-ის გაყვანა გახდა საჭირო, მათი 95% კი ატმოსფეროში უკვე დაიწვა. ახალი გეგმის მიხედვით, მომდევნო 6 თვეში ამ რიცხვს კიდევ 100-მდე ზონდი დაემატება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.