მეცნიერებმა ქამელეონის სიცოცხლის ბოლო რამდენიმე საათი გადაიღეს. მათ მიერ აღბეჭდილ გასაოცარ კადრებში ჩანს, როგორ იცვლება ამ ქვეწარმავლის სხეულის შეფერილობა მოახლოებული სიკვდილისას.

"უკანასკნელ მომენტებში მის კანზე ფერების აფეთქებაა, თითქოს ბოლო სიტყვებს ამბობს", — გვიყვება მთხრობელი შთამბეჭდავ ვიდეოში, რომელშიც Furcifer labordi-ის სახეობის მდედრი ქამელეონია წარმოდგენილი.

ეს თვალწარმტაცი და სევდიანი სანახაობა სპეციალისტებმა მადაგასკარის დასავლეთ ნაწილში არსებულ ტყეში დააფიქსირეს. ამ სახეობის ქამელეონებს ოთხფეხა ხერხემლიანებში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ. ისინი კვერცხში განვითარებას 8-9 თვეს ანდომებენ, თუმცა გამოჩეკის შემდეგ მხოლოდ 4-5 თვეს ცოცხლობენ.

///

მეცნიერები მდედრ ქამელეონს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდნენ, როცა მან კვერცხები დადო და მიწაში ჩაფლა, რათა ისინი მოახლოებული მშრალი სეზონისგან დაეცვა. ამ ყველაფერს დიდი ენერგია სჭირდება, ამიტომ მდედრი ინდივიდები კვერცხების დადებიდან რამდენიმე საათში იხოცებიან, რადგან საკმარისი რესურსი აღარ რჩებათ.

მკვლევრებმა მალევე შენიშნეს, რომ ქამელეონის მოძრაობა შენელდა, ხოლო მისი სხეული ფერმკრთალდებოდა. მათ კამერა ავტომატურ რეჟიმზე დააყენეს და როცა უკან დაბრუნდნენ, ქვეწარმავალი უკვე მკვდარი დახვდათ.

გადაღებული მასალის ნახვისას აღმოაჩინეს, რომ სიკვდილის პროცესში მან ფერთა თვალწარმტაცი ცვლილება განიცადა, რაც ველურ პირობებში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

ქამელეონის კანის ფერი ნანოკრისტალების შემცველი უჯრედების შემჭიდროების შედეგად იცვლება, რადგან ამ დროს სინათლე სხვაგვარად ირეკლება. სიკვდილისას ამის გამომწვევი ნერვული სიგნალები მაინც იგზავნება, შედეგად კი ფერების ნამდვილ აფეთქებას ვიღებთ. კადრებში სწორედ აღნიშნულ პროცესს ვხედავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.