იაპონურ სტარტაპს EX-Fusion დედამიწაზე დაგროვებული ხელოვნური ნარჩენების განადგურება ხმელეთზე განლაგებული ლაზერით სურს. ეს ექსპერიმენტული მეთოდი შესაძლოა, პლანეტის გარშემო არსებული ფრაგმენტების თავიდან მოშორებაში დაგვეხმაროს, რისთვისაც სპეციალისტები დიოდ-სატუმბი მყარი ლაზერის გამოყენებას აპირებენ.

ამგვარი ხერხით შესაძლებელი იქნება, რომ კოსმოსურ ნაგავს ატმოსფეროსკენ ვუბიძგოთ, სადაც ისინი უსაფრთხოდ დაიწვება. EX-Fusion პირველი კომპანია არაა, რომელიც მიზნის მისაღწევად ლაზერულ ტექნოლოგიას ირჩევს, თუმცა ისინი ამ მოწყობილობებს ხმელეთზე განათავსებენ და არა რომელიმე ხელოვნურ თანამგზავრზე.

ლაზერი ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მდებარე ობსერვატორიაზე დამონტაჟდება, რომელიც EOS Space-ს ეკუთვნის. ამ ორმა კომპანიამ გასული წლის ოქტომბერში შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა. ტექნოლოგია პირველ ეტაპზე მცირე ზომის ფრაგმენტებზე კონცენტრირდება, შემდეგ კი შედარებით დიდ ნარჩენებზე, რომლებსაც მათი მიმართულების საწინააღმდეგოდ უბიძგებენ. შედეგად ისინი შენელდება და ატმოსფეროსკენ დაიწყებს სვლას, სადაც საბოლოოდ განადგურდება.

ფოტო: Ex-Fusion

როდის განხორციელდება სტარტაპის ეს გეგმები, ჯერჯერობით უცნობია. ამის მიუხედავად, მსგავსი ტექნოლოგია იმედის მომცემია. ამგვარი პროექტების საჭიროებას კოსმოსური სააგენტოებიც იაზრებენ, მაგალითად NASA.

საქმე ისაა, რომ დედამიწის ორბიტაზე მრავალი ისეთი თანამგზავრისა თუ სხვა აპარატის გამოუსადეგარი ნაწილი დაგროვდა, რომლებიც ექსპლუატაციიდან დიდი ხნის წინ გამოვიდა. მათი რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, შესაბამისად პლანეტის გარშემო უფრო და უფრო მეტი კოსმოსური ნაგავი წარმოიქმნება.

ეს ნარჩენები საფრთხეს უქმნის როგორც კოსმოსურ სადგურებს, ასევე ხელოვნურ თანამგზავრებსა თუ მნიშვნელოვან მისიებს. ისინი ძალიან სწრაფად გადაადგილდება, ამიტომ მათთან შეჯახება საფრთხის შემცველია. ხმელეთიდან ასეთი ფრაგმენტების განადგურება კი საკმაოდ ხელსაყრელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.