აიფონი თვითმფრინავიდან 5000-მეტრიან ვარდნას გადაურჩა — იგი დაუზიანებელი იპოვეს და მუშაობს
Alaska Airlines-ის თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი iPhone არ დაზიანებულა და მუშაობს. მან დაახლოებით 4877-მეტრიან ვარდნას გაუძლო.
Alaska Airlines-ის ფრენა 1282-ის დროს, შუა ფრენისას, კარის საცობი მოეშვა. კალიფორნიისაკენ მიმავალი თვითმფრინავი იძულებული გახდა, პორტლენდში დაბრუნებულიყო. კართან არსებული ორი ადგილი თავისუფალი იყო, ამიტომ ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.
მიუხედავად ამისა, თვითმფრინავიდან გადაიყარა რამდენიმე მგზავრის პირადი ნივთები. ერთ-ერთი მათგანის აიფონი, რომელიც პორტლენდში ჩამოვარდა, თამაშების დიზაინერმა შონ ბეიტსმა იპოვა. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილი Twitter) დადო პოსტი.
აიფონი მან გზის განაპირას იპოვა, ბუჩქის ქვეშ. სავარაუდოდ, იგი ამის გამო შედარებით რბილად დაეცა. მობილურს ისევ დამტენის კაბელის ნაწილი ჰქონდა მიმაგრებული. როგორც ჩანს, სატენი ვარდნისას განადგურდა.
ბეიტსი საკმაოდ სწრაფად მიხვდა, რომ აიფონი ფრენა 1282-ის მგზავრს ეკუთვნოდა. სმარტფონზე ფრენის რეჟიმი იყო ჩართული. ტელეფონი არც დაზიანებულა და არც ბლოკი ედო, ამიტომ მარტივად მოხერხდა მისი გახსნა. ასე მგზავრობასთან, ასევე ნივთის მფლობელთან, დაკავშირებული დეტალები ნახეს.
ბეიტსმა აიფონი ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების კომისიას (NTSB) გადასცა. როგორც მათ მპოვნელთან განაცხადეს, ეს უკვე მეორე მობილურია, რომელიც ამ ფრენიდან დაიკარგა და იპოვეს.
NTSB-მ კარის საცობიც იპოვა. იგი სკოლის მასწავლებლის უკანა ეზოში ჩამოვარდნილა, პორტლენდში. თვითმფრინავს კარი აფრენიდან მალევე მოსწყდა, რამაც შიგნით წნევის დაგდება გამოიწვია.
The guardian-ის მიხედვით, ამ ტიპის თვითმფრინავს, ანუ Boeing 737 Max 9-ს, ინციდენტის შემდეგ რეგულატორებმა ფრენა დროებით აუკრძალეს. პირველადი დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ Boeing Max 9-ს ფართოდ გავრცელებული წუნი არ ჰქონია, თუმცა თვითმფრინავი ცას ორშაბათამდე მაინც არ დაუბრუნდა.
კომენტარები