ტიტანიკის ჩაძირვიდან უკვე 111 წელი გავიდა, თუმცა გემის შესახებ დღემდე არაერთ საინტერესო რამეს ვიგებთ: მისი ნამსხვრევები შემთხვევით აღმოაჩინეს; ჩაძირვისას გემმა ნაწილობრივ იმპლოზია, ანუ შიგნით მიმართული აფეთქება, განიცადა; 2001 წელს მის გემბანზე წყვილი დაქორწინდა...

ტიტანიკის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ფაქტი ისაა, რომ მის ნამსხვრევებში დღემდე არცერთი ცხედარი არ უპოვიათ. ეს იმის მიუხედავად, რომ კატასტროფამ 1 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამას გარდა, გემის ნამსხვრევებს 1985 წლიდან — იმ დროიდან, როდესაც იგი ჩაძირული იპოვეს — მოყოლებული იკვლევენ.

"არც-ერთი ადამიანის გვამი არ მინახავს", — 2012 წელს განაცხადა ჯეიმს კამერონმა, ტიტანიკის რეჟისორმა, The New York Times-თან საუბრისას. კამერონმა გემის ნამსხვრევები 33-ჯერ დაათვალიერა და ამტკიცებს, რომ გემზე იმაზე მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე თავად გემის კაპიტანს — "ტანისამოსი გვიხილავს. გვიხილავს ფეხსაცმელი, რაც, დიდი ალბათობით, იმაზე მიანიშნებს, რომ ერთ დროს იქ სხეული იყო, მაგრამ ადამიანის გვამი არასდროს გვინახავს".

ეს უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა, რეალურად, ამბავი ლოგიკურად აიხსნება.

ცხედრების არარსებობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მგზავრებისა თუ ეკიპაჟის ნაწილს მაშველი ჟილეტები ეცვა. მათი მეშვეობით წყლის ზედაპირზე ხალხი იმდენხანს ვერ გაჩერდა, რომ გადარჩენილიყვნენ. მიუხედავად ამისა, მგზავრების დახოცვის შემდეგ ჟილეტებმა მათ გვამებთან ერთად განაგრძო ტივტივი. სავარაუდოდ, კატასტროფის შემდეგ მომხდარმა შტორმმა ისინი ადგილიდან სწრაფადვე გაიტაცა. დროთა განმავლობაში ოკეანის დინებები ცხედრებს კიდევ უფრო შორს წაიღებდა.

///

ტიტანიკის ნანგრევებში მოყოლილ სხეულებს, სავარაუდოდ, ლეშისმჭამელები, თუნდაც თევზები თუ სხვა ორგანიზმები, გააქრობდნენ. მეორე მხრივ, ძვლები ბევრად ადრე დაღუპული გემის ნამსხვრევებშიც კი აღმოუჩენიათ. ტიტანიკის შემთხვევაში ვერც ეს მოხერხდა, რაც ადგილის სიღრმით შეიძლება აიხსნას.

914 მეტრ სიღრმეზე ქვემოთ კალციუმის კარბონატის (CaCO3) კომპენსაციის სიღრმეს ვაღწევთ. ასეთ ღრმა წყალში კალციუმის კარბონატი, ანუ ძვლების ძირითადი კომპონენტი, საკმარისი რაოდენობით აღარ გვხვდება. ეს ამ მყარი ქსოვილების შემონახვას უშლის ხელს. შესაბამისად, თუკი ორგანიზმები ხორცს შეჭამენ, ძვლებს ვეღარაფერი იცავს და სიღრმის გამო ისინი იშლება. ტიტანიკი ამაზე ღრმადაა ჩაძირული, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გემზე მყოფთა ძვლებსაც ეს დაემართებოდა.

ზოგი მიიჩნევს, რომ ცხედრები ისევ შეიძლება იყოს შემორჩენილი გემის იზოლირებულ ნაწილებში (თუნდაც სამანქანო განყოფილებაში), სადაც ლეშისმჭამელები ვერ შეაღწევდნენ. და მაინც, თავად განსაჯეთ, რამდენად რეალურია, რომ უბედური შემთხვევიდან 111 წლის შემდეგ ამოცნობადი გვამის პოვნა მოხერხდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.