ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის პოლიცია მეტავერსში სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს
მეტავერსში 16 წლის გოგოს ავატარზე სექსუალური ძალადობის ახალმა შემთხვევამ დიდი ყურადღება მიიქცია.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგოს ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი ჰქონდა მორგებული და თამაშობდა, როდესაც მის ავატარზე რამდენიმე მომხმარებელმა იძალადა.
და აი ახლა, პოლიცია ამ შემთხვევას იძიებს. გოგოს ამით ფიზიკური ზიანი არ მიჰყენებია, მაგრამ ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო.
"მსხვერპლს ემოციური და ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენეს", — განაცხადა საქმესთან დაკავშირებულმა ოფიცერმა Daily Mail-სთან ინტერვიუში.
არ არსებობს კანონი, რომელიც ვირტუალურ პერსონაჟებს იცავს
დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, გაუპატიურებასთან დაკავშირებული სასჯელი ვირტუალურ რეალობზე არ ვრცელდება. შესაბამისად, ამჟამად არ არსებობს კონკრეტული კანონი, რომელიც ვირტუალურ რეალობაში ჩადენილ გაუპატიურებაზე იქნება აქცენტირებული.
ვირტუალური რეალობის განვითარებასთან ერთად ჩნდება დანაშაულის რისკებიც, რომელიც ამ სივრცეში შეიძლება მოხდეს. ეს ბადებს მწვავე კითხვებს მეტავერსში სექსუალური დანაშაულის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ჩნდება შეკითხვა, რა უნდა იყოს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედება ასეთ შემთხვევაში?
"სამწუხაროდ, მე ეს არ მიკვირს. ახალი ტექნოლოგიების განვითარება კარგია, მაგრამ ის გარკვეულ რისკებსაც ზრდის. ერთ-ერთი ასეთი რისკი ვირტუალურ რეალობაში სექსუალური ძალადობის შემთხვევებია", — თქვა იან რასელმა, ონლაინ უსაფრთოხების აგენტმა.
შეიძლება ეს ბრიტანეთის პოლიციისთვის პირველი შემთხვევაა, მაგრამ მსგავსი რამ სხვაგან უკვე მოხდა. ჯერ კიდევ 2021 წელს გავიგეთ, რომ Meta-მ მეტავერსში სექსუალური შევიწროების პირველ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მაშინ ქალი, რომელიც Meta-ს Horizon Worlds-ის ბეტა ტესტირებაში იღებდა მონაწილეობას, აცხადებდა, რომ პლატფორმის სხვა მომხმარებლები ვირტუალურ რეალობაში მას არასასურველად შეეხნენ.
კომენტარები