როგორი იყო 2023 წელი NASA-სთვის — ნახეთ ვიდეო
NASA-სთვის 2023 წელი მნიშვნელოვანი მისიებითა და მიღწევებით იყო დატვირთული. მათ შესაჯამებლად სააგენტომ ახლახან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია, რა გზა გაიარა ორგანიზაციამ ამ 12 თვის განმავლობაში.
"NASA დიდ საქმეს აკეთებს. იმას, რაც ჩვენ შთაგვაგონებს, გვაერთიანებს და გვაჩვენებს, რომ მიუღწეველი არაფერია", — ვიდეო სწორედ NASA-ს ხელმძღვანელ ბილ ნელსონის ამ სიტყვებით იწყება
2023-ში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 25 წელი შეუსრულდა, ხოლო NASA-ს ასტრონავტმა, ფრენკ რუბიომ, ორბიტაზე მოძრავ ამ ლაბორატორიაში ყოფნის რეკორდი დაამყარა. მან იქ გადაბმულად 3 71 დღე გაატარა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
ივლისში ფუნქციონირების 1 წელი შეუსრულდა ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპსაც, რომელმაც ამ თარიღის აღსანიშნად გასაოცარი ფოტო გადაიღო. მასზე ვარსკვლავის დაბადებაა აღბეჭდილი, ჩვენგან 390 წლის სინათლის მოშორებით მდებარე რეგიონი, რომელიც რო გველისმჭერის ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბელშია განლაგებული.
უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ასტეროიდ ბენუზე მოპოვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა, რაც მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მოხდა. ეს სააგენტოსთვის პირველი ასეთი მცდელობა იყო, რამაც წარმატებით ჩაიარა.
მისიას ახლა OSIRIS-APEX ეწოდება და ის მომდევნო სამიზნე ობიექტისკენ მიიწევს, რომელიც Apophis-ის სახელითაა ცნობილი. ამჯერად ის იქ გრუნტის შეგროვებას არ აპირებს.
13 ოქტომბერს NASA-მ მეტალის ასტეროიდისკენ მისია Psyche გაუშვა. კოსმოსური სხეული 16 Psyche მარსისა და იუპიტერის შუაში გადაადგილდება და მზეს უვლის გარს.
ლითონებით მისი სიმდიდრე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ის პლანეტის ბირთვის ნარჩენი იყოს. შესაბამისად, მისი შესწავლა ციური სხეულების ფორმირებაზე ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის.
2023 წლის კიდევ ერთი აღსანიშნავი მოვლენა NASA-სთვის მთვარის მისია Artemis II-ში მონაწილე ეკიპაჟის შერჩევა იყო. ეს ასტრონავტები 2024 წელს მთვარის გარშემო გაფრინდებიან. ორგანიზაციამ, ასევე, ხელშეკრულება გააფორმა სააგენტო DARPA-სთან, რომელიც 2027 წლისთვის რაკეტის თერმობირთვულ ძრავს შექმნის. ეს ღრმა კოსმოსში მისიების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს, მაგალითად, მარსზე.
///
მარტში ვიხილეთ ის სკაფანდრი, რომელსაც მისია Artemis III-ის ეკიპაჟი გამოიყენებს. 2025 წელს ეს ასტრონავტები მთვარეზე გაფრინდებიან და ამჯერად მის ზედაპირზეც დაეშვებიან.
"ჩვენ მთვარეზე ვბრუნდებით — საცხოვრებლად, სამუშაოდ, რაღაც ახლისა და ინოვაციურის შესაქმნელად — მარსზე წასასვლელად.
ეს ჩვენი კოსმოსური პროგრამის ძალაა: ის ადამიანებს აერთიანებს, ერთად ჩვენ მთვარეზე, მარსსა და მის მიღმა მივდივართ", — ამბობს ნელსონი ვიდეოში.
კომენტარები