ისტორიაში პირველად, კაცების არაჰორმონულ კონტრაცეპტივს ადამიანებზე გამოცდიან
ისტორიაში პირველად, ადამიანებზე გამოცდიან კაცებისათვის განკუთვნილ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, რომლებიც არაჰორმონულია. ეს მას შემდეგ, რაც მედიკამენტმა თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში კარგი შედეგები აჩვენა.
მედიკამენტი ფარმაცევტულმა კომპანია YourChoice Therapeutics-მა შექმნა და მას YCT-529 ეწოდება. იგი ამ ტიპის პირველი წამალია, რომელმაც კლინიკური ცდების პირველ ეტაპამდე მიაღწია.
მეცნიერები უკვე ათწლეულებია ცდილობენ კაცებისთვის ახალი, გარდა პრეზერვატივისა თუ ვაზექტომიისა, კონტრაცეფციული საშუალებების შექმნას. მიუხედავად ამისა, ჰორმონული იყო ყველა მედიკამენტი, რომლებმაც კლინიკური ცდების მომდევნო ეტაპებამდე გადაინაცვლა.
ჰორმონულ მედიკამენტებს არაერთი უსიამოვნო გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია, იქნება ეს აკნე თუ გუნება-განწყობის ცვალებადობა. უკვე მრავალი წელია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამო ქალებს უამრავი მსგავსი პრობლემის ატანა უწევთ. სწორედ ამიტომაა არაჰორმონული YCT-529 მეტად ხელსაყრელი ალტერნატივა.
ახალი მედიკამენტი RAR-alpha-ს მოქმედებას თრგუნავს. ეს ცილა იმ რეცეპტორთა ოჯახიდანაა, რომლის წარმომადგენლებიც რეტინმჟავას უკავშირდება. რეტინმჟავა A ვიტამინის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც სპერმატოზოიდების ფორმირებაში მიუძღვის წვლილი. შესაბამისად, RAR-alpha ცილის დათრგუნვით მედიკამენტი სპერმატოზოიდების წარმოქმნას უშლის ხელს.
///
კლინიკურის წინა ცდების ფარგლებში, რომლებიც თაგვებზე ჩატარდა, ამ მიდგომით სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ორსულობის პრევენცია მედიკამენტმა შემთხვევათა 99%-ში შეძლო, რაც ძალიან კარგი შედეგია. საგულისხმოა ისიც, რომ YCT-529 უსაფრთხო აღმოჩნდა; მისი გამოყენების შემდეგ შესაძლებელი იყო ფერტილურობის დაბრუნებაც.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მედიკამენტი ადამიანების შემთხვევაშიც ასეთივე წარმატებული აღმოჩნდება. კლინიკური ცდის პირველ ეტაპზე წამლის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას შეაფასებენ 8 მოხალისისგან შემდგარ ორ ჯგუფზე.
სავარაუდოდ, კვლევა 2024 წლის შუა პერიოდში დასრულდება. მეორე მხრივ, ყველაფერი იდეალურად რომც წავიდეს, ჯერაც მრავალი კვლევაა ჩასატარებელი, რომ YCT-529-ს გამოყენების ნებართვა გაიცეს. შესაბამისად, კონტრაცეპტივი ჩვენამდე ახლო მომავალში ნამდვილად არ მოაღწევს.
თუკი მსგავსი საშუალება ხელმისაწვდომი გახდება, დიდი ალბათობით, მას მომხმარებელიც ბევრი ეყოლება. YouGov გამოკითხვის თანახმად, ბრიტანეთში სქესობრივად აქტიური კაცების მესამედი მიიღებდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს; სხვა მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 82.3 პროცენტიც კი შეიძლება იყოს.
გარდა ამისა, დიდი იქნება ფინანსური სარგებელიც — წინასწარი გაანგარიშებით, კონტრაცეფციის ეს გზა ბაზარზე დაახლოებით 40-200 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.
"მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერაც წინაა, თუმცა გვჯერა, ადამიანებზე YCT-529-ის პირველად გამოცდა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა სამომავლოდ კაცებსაც და ქალებსაც ერთნაირად ჰქონდეთ ძალა, რომ კონტრაცეპტივების მოხმარებისა თუ ორსულობის საკითხი გადაწყვიტონ და სიტუაცია აკონტროლონ", — აცხადებს ჰეზერ ვაჰდატი, ორგანიზაცია Male Contraceptive Initiative-ის აღმასრულებელი დირექტორი — "ჯანმრთელობის მხრივ ამგვარი თანასწორობა, ვფიქრობთ, დიდი ხნის წინაც უნდა გვქონოდა".
კომენტარები