მეცნიერები ვეშაპებთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ და ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ
რა აქვთ საერთო ვეშაპების ექსპერტებსა და უცხოპლანეტელებზე "მონადირეებს"? იმაზე მეტი ვიდრე თქვენ შეიძლება გეგონოთ.
ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში Alaska Whale Foundation-ისა და SETI-ს (არამიწიერი ინტელექტის ძიება) მეცნიერები გაერთიანდნენ.
მათი მისია ვეშაპებთან კომუნიკაციის დამყარება იყო და მათ ეს შეძლეს.
ექსპერიმენტი 20 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მკვლევრები ვეშაპ ტვენას ეკონტაქტებოდნენ.
ტვენმა და მეცნიერებმა არ ისაუბრეს ამინდზე, არც თევზების პრობლემებზე — ამისგან ჯერ შორს ვართ. თუმცა, რაც მოხდა, ესეც გასაოცარია!
ვეშაპებთან საუბარი
მეცნიერებმა ალასკას სანაპიროზე გაცურეს და გამოსცეს ის ხმები, რასაც "კონტაქტური ზარი" ეწოდება.
"ეს ხმები ვეშაპისთვის დაახლოებით ის არის, რაც ადამიანისთვის მისალმება. ვეშაპები ასეთ ხმებს ერთმანეთის დასაძახებლად იყენებენ. ამით ვეშაპები ერთმანეთს იმასაც აგებინებენ თუ სად იმყოფებიან", — უთხრა Business Insider-ს UC Davis-ის ვეტერინარული მედიცინის სკოლის პროფესორმა ბრენდა მაკკოვანმა.
მკვლევრების თქმით, ვეშაპებში ეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სიგნალია.
ამ ყველაფრის შემდეგ, ტვენმა მიცურა ნავისკენ და შემოუარა მას. მომდევნო 20 წუთის განმავლობაში მეცნიერები ერთსა და იმავე ხმას, სხვადასხვა ინტერვალით ასხივებდნენ. ტვენი სიგნალს ყოველ ჯერზე პასუხობდა.
რაც საინტერესოა, თუ მეცნიერები შესაბამის ტალღებს არ გამოსცემდნენ ათი წამის განმავლობაში, ვეშაპიც ჩუმდებოდა. მკვლევრების თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კომუნიკაცია შედგა.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვეშაპთან მსგავსი კომუნიკაცია დავამყარეთ", — თქვა მაკკოვანმა.
მეცნიერებმა ეს ხმები რამდენიმე დღის წინ ამავე ადგილზე ჩაწერეს და შემდეგ გაშიფრეს. მათი თქმით, არ არის გამორიცხული ეს ხმა თავად ტვენის ყოფილიყო.
"შეიძლება მთელი ექსპერტიმენტის განმავლობაში მას თავისივე ხმით ვესალმებოდით", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი სამუშაო შეიძლება განხორციელდეს დედამიწაზე სხვა ჭკვიანი ცხოველების მიმართაც. მათ შორის სხვა ვეშაპისებრებთან, როგორიცაა დელფინები.
კომენტარები