ნახეთ: როგორ გამოიყურება "კოსმოსში დაკარგული" პომიდვრები 8 თვის შემდეგ
ახლახან ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ასტრონავტებმა 8 თვის წინ დაკარგული პომიდორი იპოვეს. NASA-ს ახალი ბლოგპოსტიდან ვიგებთ, რომ დედამიწის გარშემო მოძრავ ლაბორატორიაში არა 1, არამედ 2 ნაყოფი გაუჩინარდა და სააგენტომ მათი სურათიც გამოაქვეყნა.
პომიდვრები ასტრონავტმა ფრენკ რუბიომ დაკარგა, რომელსაც კოლეგები ხუმრობით მათ შეჭმას "აბრალებდნენ". NASA-ს განცხადებით დადგინდა, რომ ისინი სადგურზე განხორციელებული ექსპერიმენტის XROOTS შედეგად მიღებული მოსავლის ნაწილი იყო და არა Veg-05-ის.
"ექსპერიმენტისას ნიადაგისა და სხვა მსგავსი საშუალებების გარეშე მცენარეების გასაზრდელად ჰიდროპონული და აეროპონული ტექნიკები გამოიყენება. ამან შესაძლოა, სამომავლო კოსმოსური მისიებისთვის მცენარეთა სისტემებისთვის საჭირო ეფექტიან გადაწყვეტებამდე მიგვიყვანოს", — აცხადებენ NASA-ში.
///
ამ მცენარეთა გაზრდაში თავად რუბიო აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სპეციალურად დალუქულ პარკში მოთავსებული პომიდვრები ხელიდან გაუსხლტა. მსგავსი რამ კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებული მიკროგრავიტაციის პირობებში მოსალოდნელია.
ასეა თუ ისე, სურათზე ვხედავთ, რა გავლენა იქონია სადგურის 17%-იანმა ტენიანობამ და სხვა გარემოებებმა პომიდვრებზე:
"იმის მიუხედავად, რომ ამ პომიდვრების დაკარგვიდან თითქმის 1 წელი გავიდა, ისინი პარკში დეჰიდრირებული და ოდნავ გაჭყლეტილი იპოვეს. ფერის დაკარგვის გარდა მათზე ხილული მიკრობული ან სოკოვანი ნადები არ შეინიშნებოდა", — ვკითხულობთ ბლოგპოსტში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მცენარეების გაზრდის მეთოდები შესაძლოა, მთვარისა და მარსის ბაზებში გამოვიყენოთ, რომელთა შექმნაც მომავალში იგეგმება. ასევე, NASA-ში ამბობენ, რომ ასეთი მოსავლის მისაღებად შრომა ასტრონავტთა მენტალურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს.
ახალი ექსპერიმენტებით უკვე იმის გარკვევას ცდილობენ, გადაეცემა თუ არა გენეტიკური ადაპტაციები მცენარეთა ერთი თაობიდან მეორეს.
კომენტარები