ნეანდერტალელთა გენებით შეიძლება აიხსნას, რატომ უყვარს ზოგ ადამიანს დილით ადრე ადგომა
მკვლევართა მიგნებების თანახმად, შესაძლოა, ადამიანებში ადრე დაძინებისა და ადრე გაღვიძების მიდრეკილებას ნეანდერტალელთა გენები განაპირობებდეს. ნაშრომი ჟურნალში Genome Biology and Evolution გამოქვეყნდა.
თანამედროვე ადამიანებში ევოლუციის შედეგად უკვე დაიკარგა იმ გენების უმრავლესობა, რომლებიც უძველეს დროში სახეობათაშორისი შეჯვარების შედეგად შევიძინეთ. მიუხედავად ამისა, ამ გენების მცირე ნაწილი მაინც შემოგვრჩა — სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ისინი აფრიკიდან ევრაზიაში გადასვლისას ადამიანებს ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარა.
დაახლოებით 70 ათასი წლის წინ ჰომო საპიენსები აფრიკიდან ევრაზიაში გადმოსახლდნენ. ჩამოსვლისას მათ ცივ გარემოსთან შეგუებული ნეანდერტალელები დახვდათ, რომელთაც ეს ტერიტორია ასიათასობით წლით ადრე დაეკავებინათ.
მათ შორის სახეობათაშორისი შეჯვარების შედეგად თანამედროვე ადამიანებს ნეანდერტალელთა დნმ-ის დაახლოებით 4% შემოგვრჩა. მათ შორის ზოგიერთი გენი კანის პიგმენტაციას, თმას, სხეულის ცხიმსა და იმუნიტეტსაც უკავშირდება.
ასევე იხილეთ: თანამედროვე ადამიანებს დიდი ცხვირები ნეანდერტალელებისგან ერგოთ — კვლევა
ჯონ კაპრამ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა, და მისმა კოლეგებმა კვლევა ჩაატარეს. მათ თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების დნმ შეისწავლეს და გენეტიკური ვარიანტები გამოავლინეს, რომლებიც ორივე ჯგუფის ცირკადულ რითმებს უკავშირდებოდა.
თანამედროვე ადამიანთა წინაპრები ნეანდერტალელებთან შეჯვარდნენ, ამიტომ შესაძლებელია, რომ ნეანდერტალელის გენები ზოგიერთ ადამიანს დღემდე ჰქონდეს შენარჩუნებული.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკი გამოიყენეს. იგი ნახევარი მილიონი ადამიანის გენეტიკურ, ასევე ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესთან დაკავშირებულ მონაცემებს აერთიანებს.
მკვლევართა მიგნებების თანახმად, გენეტიკური ვარიანტები არამხოლოდ ფართოდ გავრცელებული აღმოჩნდა, არამედ გენები მუდმივად უკავშირდებოდა დილით ადრე გაღვიძებას.
///
მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დილით ადრე ადგომისაკენ მიდრეკილებას მაინცდამაინც ნეანდერტალელის გენები არ სჭირდება. დაძინებისა და გაღვიძების დროს ადამიანებში ასობით განსხვავებული გენი განსაზღვრავს; მნიშვნელობა აქვს გარემოსა და კულტურულ განსხვავებებსაც. საერთო ჯამში, ნეანდერტალელის გენებს ამაზე მხოლოდ მცირე გავლენა აქვს.
კაპრას აზრით, ნეანდერტალელის გენები ბევრ თანამედროვე ადამიანში გვხვდება, რადგან ეს მათ წინაპრებს დაეხმარა, შედარებით მაღალ ადგილებში ცხოვრებას შეჰგუებოდნენ.
"არ ვფიქრობთ, რომ რეალურად დილის ადამიანად ყოფნას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. არამედ, ჩვენი აზრით, ეს უფრო სწრაფი ბიოლოგიური საათის ქონის ნიშანია, რომელსაც უკეთ შეუძლია სეზონების ცვლასთან ერთად სინათლის განსხვავებულ დონეებთან შეგუება", — განმარტა კაპრამ.
მეცნიერის თქმით, ეს შედარებით მაღალ ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სეზონებთან ერთად სინათლის ცვალებადობას ბიოლოგიური საათი მარტივად მოერგოს.
მარკ მასლინის, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის (იგი მკვლევართა გუნდის ნაწილი არ ყოფილა), განცხადებით, უკვე გენეტიკური მონაცემები მოწმობს იმას, რომ ზოგიერთი ჩვენგანი მართლაც არის მიდრეკილი ადრე ადგომისკენ.
"როდესაც ტროპიკულ აფრიკაში ადამიანები ვითარდებოდნენ, დღეების საშუალო ხანგრძლივობა 12 საათს შეადგენდა. მონადირე-შემგროვებლები ღვიძილის დროის მხოლოდ 30%-ს უთმობდნენ საკვების მოგროვებას, ამიტომ 12 საათი საკმარისი დრო იყო. მეორე მხრივ, რაც უფრო ჩრდილოეთით გადავინაცვლებთ, მით უფრო მცირდება დღის ხანგრძლივობა ზამთარში, როდესაც საკვები განსაკუთრებით მწირია. შესაბამისად, ნეანდერტალელებისა და ადამიანებისთვის გონივრული იქნებოდა, თუ საკვების მოგროვებას მაშინვე დაიწყებდნენ, როცა კი სინათლე გამოჩნდებოდა", — დაასკვნა მასლინმა.
კომენტარები