YouTube-ს თამაშები დაემატა
თამაშებით სარგებლობას მხოლოდ YouTube-ის ფასიანი ვერსიის გამომწერები შეძლებენ.
YouTube-ს თამაშები დაემატა. მომხმარებლებს, რომლებიც პლატფორმის ფასიანი ვერსიით სარგებლობენ, ამიერიდან ონლაინთამაშებზე ექნებათ წვდომა. ისინი პირდაპირ YouTube-ის მობილურ აპლიკაციაში ანდა დესკტოპის ვერსიაზე ჩაირთვება.
თამაშების ფუნქცია, სახელად Playables, კომპანიამ ჯერ საცდელად გამოუშვა სექტემბერში. მასზე წვდომა მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილს ჰქონდა. Droid-Life-ის თანახმად, YouTube-ის პრემიუმვერსიის გამომწერებმა ახლახან მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ Playables ჩაეშვა და მისი გამოცდა შეუძლიათ.
ფუნქცია ჯამში 37 მინითამაშს მოიცავს. მათ შორისაა: Angry Birds Showdown, Brain Out, Daily Solitaire, The Daily Crossword და სხვა. ისინი YouTube-შივე ირთვება, ანუ მათი გადმოწერა საჭირო არაა.
საგულისხმოა, რომ თამაშები 2024 წლის 28 მარტამდე იქნება ხელმისაწვდომი. ამ დროისთვის მათი ხილვა Explore ჩანართის Playables სექციაშია ხელმისაწვდომი.
YouTube-ისთვის ექსპერიმენტები ახალი სულაც არაა. პლატფორმაზე ფასიანი ვერსიის მომხმარებელთათვის ხშირად სცდიან სხვადასხვა ფუნქციას, სანამ საბოლოოდ დაამატებენ. გარდა Playables-ისა, ფასიანი ვერსიის მომხმარებლებს შეუძლიათ, საუბრისთვის განკუთვნილი AI ფუნქცია გამოცადონ და ვიდეოების შესახებ მას კითხვები დაუსვან.
თავისთავად, ნაკლები შანსია, YouTube-ის Playables ფუნქციამ გეიმინგის სერიოზული მიმდევრები მიიზიდოს. მეორე მხრივ, შესაძლოა, ახალმა ფუნქციამ ფასიანი სერვისის მომხმარებლებს უბიძგონ, რომ პლატფორმა უფრო დიდხანს ჰქონდეთ გამოწერილი.
კომენტარები