ვირტუალური და გაფართოებული რეალობა — რა განსხვავებაა VR-სა და AR-ს შორის?
განსხვავებულმა ჩატბოტებმა და გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა ტექნოლოგიური სფეროს სიახლეების ველი იმდენად დატვირთა, რომ ბევრ ძალიან საინტერესო ფენომენს საზოგადოების ყურადღება მოაკლდა.
სულ რამდენიმე თვის წინ Apple-მა Apple Vision Pro წარადგინა, რომლის შთამბეჭდავმა პრეზენტაციამაც, ალბათ, ყველა ჩვენგანი ოდნავ მივიწყებულ ვირტუალური (VR) და გაფართოებული (AR) რეალობების ტექნოლოგიებთან დააბრუნა.
ალბათ, ცოტამ თუ იცის ზუსტად "ვირტუალურისა" და "გაფართოებულის" მნიშვნელობა, როცა ამ ტიპის ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ისეთი VR ჩაფხუტები, როგორიც Meta Quest 2-ია, საკმაოდ პოპულარულია. ასეთივე ცნობადობით სარგებლობენ AR აპლიკაციები და თამაშები, მაგალითად, Pokemon Go. თითქოს, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ჰგავს, განვითარებასთან ერთად კი კიდევ უფრო იდენტურები ხდებიან, რისი შედეგიც ე.წ "შერეული რეალობის" გაჩენაა (Mixed Reality/MR). ამის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ ზემოთ ხსენებული Apple Vision Pro. მიუხედავად ამისა, VR და AR ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებული სფეროებია და ეს სტატიაც სწორედ ამ სხვაობას შეეხება.
რა არის ვირტუალური რეალობა?
VR ჩაფხუტი სრულად იპყრობს თქვენს ხედვას და გადაჰყავხართ რეალობისგან განსხვავებულ სივრცეში. PlayStation VR 2, Meta Quest 2, Valve Index და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები გამოყენების პროცესში თქვენს გარშემო არსებულ გარემოს სრულად ფარავენ. თუ ამ ჩაფხუტებს გამორთულ მდგომარეობაში გაიკეთებთ, სიბნელის მეტს ვერაფერს ნახავთ.
როცა მოწყობილობას ჩართავთ, LCD ან OLED პანელები თქვენი მხედველობის არეს სრულად გამოსახულებით აავსებს. ეს შეიძლება იყოს თამაში, 360-გრადუსიანი ვიდეო, ან უბრალოდ ნებისმიერი ვირტუალური სივრცე. თქვენ მიდიხართ იქ, სადაც ჩაფხუტს თქვენი წაყვანა სურს — გარშემო არსებული რეალური სივრცე სრულად ჩანაცვლებულია ვირტუალურით.
ნებისმიერ აპლიკაციასა თუ თამაშში, ვირტუალური რეალობა თქვენს გარშემო არსებულ სივრცეს არარელევანტურად აქცევს: აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ სად იმყოფებით ფიზიკურად. ამ დროს, შეიძლება, თამაშ Among Us-ში კოსმოსურ ხომალდში imposter-ის აღმოჩენას ცდილობდეთ. VR-ს უამრავი შესაძლებლობა აქვს და ყოველი მათგანი გარშემო არსებული სივრცის სრულ ჩანაცვლებას მოიცავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოწყობილობას გარემო არ აინტერესებს — არსებული VR ჩაფხუტების უმრავლესობას გარემოს სკანირება და საზღვრების დადგენა შეუძლია, რათა უსიამოვნო შეჯახებები თავიდან აგარიდოთ.
რა არის გაფართოებული რეალობა?
ვირტუალური რეალობისგან განსხვავებით, რომელიც სრულად ანაცვლებს თქვენს ხედვას, გაფართოებული რეალობა მას ახალ დეტალებს სძენს. AR მოწყობილობა, მაგალითად Microsoft HoloLens ან Google Glass, სრულად გამჭვირვალეა და თქვენი ხედვის არეში არსებული მთელი გარემოს აღქმის საშუალებას გაძლევთ, თითქოს უბრალოდ სტანდარტულ სათვალეს ატარებთ.
ტექნოლოგია გართობის/საქმიანობის პარალელურად თავისუფალი გადაადგილებისთვისაა შექმნილი. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ძალიან პოპულარული თამაში Pokemon Go, რომელიც მობილურის კამერის მიერ დაფიქსირებულ გამოსახულებას თამაშს არგებდა, იდეურად სწორედ გაფართოებული რეალობის მაგალითია.
AR ჩაფხუტები ჯერ ისევ საკმაოდ ძვირი და არასრულყოფილია, რის გამოც ნამდვილ სამომხმარებლო პროდუქტად ვერ ჩავთვლით. ამის გამო ერთადერთი საშუალება, რომლითაც მომხმარებელი AR გამოცდილებას იღებს, კვლავ სმარტფონის კამერაა, თუმცა, რასაკვირველია, ეს 360-გრადუსიან გამოსახულებას ვერ შეედრება.
გაფართოებულ რეალობას ვირტუალურ რეალობაზე მეტი შესაძლებლობაც კი აქვს. უკვე დიდი ხანია არსებობს სმარტფონის აპლიკაციები, რომელთაც გარემოს აღქმა და გარშემო არსებულ საგნებზე ამ გზით დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, მაგალითად, ტექსტის სინქრონული თარგმნა. განვითარებული AR ჩაფხუტები კი უფრო მეტსაც გვთავაზობენ — HoloLens-ის საშუალებით სხვადასხვა აპლიკაციის ჩვენ გარშემო დალაგება, რეალური და ვირტუალური სამყაროს ნაზავის შექმნა შეგვიძლია.
შერეული რეალობა/MR
AR და VR დასაწყისში ექსკლუზიური, განსხვავებული იდეები იყო, თუმცა თანდათან ისინი ერთმანეთს დაუკავშირდა და დღეს რეალობის ახალი, შერეული სახე მივიღეთ. ტექნოლოგიას MR-ს ვუწოდებთ მაშინ, როცა VR ჩაფხუტი AR-ის ელემენტებს ატარებს.
მაგალითად Meta Quest Pro-ს აქვს ფერადი კამერები, რომლებიც მომხმარებლის გარშემო არსებულ სივრცეს უფრო ნათლად აჩენს და მის წინ ვირტუალურ ეკრანებს ქმნის. მეტიც, ის საშუალებას გვაძლევს ვირტუალური მაუსისა და კლავიატურის ნაცვლად რეალური გამოვიყენოთ. როგორც ჩანს, მსგავსი ფუნქციები Apple Vision Pro-საც ექნება და ვირტუალურ ობიექტებს რეალურ გარემოში ისიც წარმოგვიდგენს — შემთხვევითი არ არის, რომ Apple თავის პროდუქტს "სივრცით კომპიუტერს" უწოდებს.
მიუხედავად ამისა, ორივე მოწყობილობა ვირტუალურ რეალობას უფრო შეესაბამება, ვიდრე გაფართოებულს. სანამ სრულად გამჭვირვალე ეკრანს არ იხილავთ, რომელიც იმ გარემოს შესახებ გაწვდით დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ხედავთ, ნებისმიერი მოწყობილობა VR ტექნოლოგიის წარმომადგენელი იქნება.
როგორც ჩანს, სრულად AR მოწყობილობებისგან ჯერ ისევ შორს ვართ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების არსებული ტემპით იმის დარწმუნებით თქმაც კი შეუძლებელია, რომ საფუძვლიანი გარდატეხა ინდუსტრიაში ხვალვე არ მოხდება.
კომენტარები